მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19,1%-ით გაიზარდა და 15,2 მილიარდი ლარი შეადგინა.
„საქსტატი“ საწარმოთა საქმიანობის 2017 წლის I კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. საანგარიშო პერიოდში მისი მოცულობა 7,5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 16,1%-ით აღემატება.
საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის პირველ კვარტალში მთლიანი ბრუნვის 48,1% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 21,0% - საშუალო, ხოლო 30,9% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზ- ნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 43,9%, საშუალოზე - 24,6%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 31.5%.
საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2017 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში 10,9 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16,9%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 7.0 მილიარდი ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19,7 %-ით მეტი ).
საანგარიშო პერიოდში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში 47,0% ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) მოდის. მეორე ადგილს 11,1%-იანი წილით დამამუშავებელი მრეწველობა იკავებს, შემდეგ მოდის ხელოვნება, გართობა და დასვენება 8,1%- იანი წილით და მშენებლობა - 7,8%-იანი წილით, ხოლო დარჩენილი 26,0% - სხვა დარგებზე ნაწილდება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში უდიდესი წილი (21,6%) დამამუშავებელი მრეწველობის დარგს ეკავა. მეორე და მესამე ადგილებს იკავებდა ვაჭრობა (18,4%) და მშენებლობა (16,4%). შემდეგ მოდის ტრანსპორტი და დასაწყობება - 10,2%-იანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 33,4 პროცენტიანი წილი უჭირავს.
რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს ქალაქი თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: თბილისი – 72.6%; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 6.5%; ქვემო ქართლი – 6.4%; იმერეთი – 4.5%; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.2%
პროდუქციის მთლიან გამოშვებაში რეგიონების მიხედვით 64.0%-ით კვლავ თბილისი ლიდერობს. მას მოსდევს - ქვემო ქართლი – 9.0%; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 8.1%; იმერეთი – 6.1% და სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.2%.