საქართველოს სახალხო დამცველმა მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმების სფეროს ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ მთავრობას რეკომენდაციით მიმართა.
როგორც სახალხო დამცველის აპარატი იუწყება, განმცხადებლის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) წარმოადგენდა.
„საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ დადგენილების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტიდან გამომდინარე, სოციალური პაკეტით ვერ სარგებლობენ მნიშვნელოვნად (გარდა მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვა) და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც ახორციელებენ საჯარო საქმიანობას, მაშინ როდესაც, კერძო სექტორში დასაქმებული იმავე შეზღუდვის მქონე პირებს აქვთ სოციალური პაკეტით სარგებლობის შესაძლებლობა. რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა განმარტა, რომ საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულ ერთნაირი შეზღუდვის მქონე პირებს, არსებული შეზღუდვიდან გამომდინარე, აქვთ თანაბარი საჭიროებები, შესაბამისად, მათი ინტერესი, მიიღონ გათვალისწინებული სოციალური პაკეტი, არის თანაბარი. არსებითად თანაბარ პირობებში მყოფ მნიშვნელოვნად (გარდა მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვა) და ზომიერად გამოხატულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეპყრობიან განსხვავებულად, რაც განპირობებულია მათი დასაქმების სფეროთი, განსხვავების ლეგიტიმური მიზანი კი მთავრობას არ დაუსახელებია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს საჯარო სამსახურში დასაქმებული მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით გათვალისწინებული სოციალური პაკეტით“, - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.