საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა ადვოკატებთან ერთად აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა ზარალის სრული ანაზღაურება მოითხოვეს და ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულეს. დაზარალებულები აცხადებენ, რომ ისინი ბანკებისგან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან იღებენ მესიჯებს, რათა საბანკო დავალიანებები დაფარონ.
ერთ-ერთი დაზარალებულის იათამზე ბავუშვილის განცხადებით, ხანძრის გაჩენის შემდეგ 5 თვეზე მეტი გავიდა, შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ბანკები უკვე ითხოვენ მათგან სესხის დაფარვას, ამჯერად უფრო გაძვირებული პროცენტებით და ფაქტიურად, ბანკებში სესხის ხელახლა აღება მოუხდათ.
”უკვე მე-5 თვე გავიდა ხანძრის შემდეგ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა სამი თვით, ხოლო ბანკებმა 6 თვით გადაგვივადეს პროცენტების დაფარვა. მიკროსაფინანსოებს პრაქტიკულად დრო უკვე ამოეწურათ. ხალხი ფერფლის ანაბარა დარჩა. სავაჭრო ადგილები დაიკარგა. ბანკებში ბინები გვქონდა ჩადებული. ახლა ფაქტიურად ცეცხლის კერა მეორედ გაჩნდა ჩვენს ბინებზე. ახლა ჩვენი ბინები „იწვის“. ახლა ჩვენს გულში უარესი აგრესია ჩნდება. უნდა გვიშველონ. ზარალის სრულ ანაზღაურებას ვითხოვთ”, - განაცხადა იათამზე ბავუშვილმა.
აქციაზე იმყოფებოდა ასევე ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი. მისი თქმით, აქციონერების და ხალხის შეფასებით, ”შუშის რეზიდენციაში” ”გენერალური პროკურორი” (ივანიშვილი) ზის, რომლის ბრძანებაზეც არის დამოკიდებული, ეს ხალხი შიმშილით მოკვდება თუ არა. ხატიაშვილის თქმით, ერთ-ერთ აქციონერს დღეს მოუვიდა შეტყობინება, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 450 დოლარი უნდა გადაიხადოს.
”ეს ადამიანები შიმშილით სიკვდილისთვის არიან განწირულები. საქმეში ძალიან ბევრი მტკიცებულებაა. „ბავშვთა სამყაროს“ შენობა დაწვეს და ”შუშის სასახლის მბრძანებელი”, ”გენერალური პროკურორი” რომ პირდებოდა ხალხს, რომ ჩემს ხელისუფლებას ენდეთო, ამ ხელისუფლებამ დაზარალებული ადამიანები შიმშილით სიკვდილისთვის გაწირა”, - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.