მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2017 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,5%-მდე შეამცირა, რაც 1,7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა პროგნოზთან შედარებით.

მსოფლიო ბანკის ივნისის ანგარიშის "გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები" თანახმად, ბანკმა ასევე შეამცირა მომავალი ორი წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი.

ანგარიშის თანახმად, 2018 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა 4%-ს (-1,3), 2019 წელს კი 4.5%-ს (-0,5) მიაღწევს.

ამავე ანგარიშით, მსოფლიო ბანკი წელს გლობალური ეკონომიკის მხოლოდ 2.7%-იან ზრდას ვარაუდობს. რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, აზერბაიჯანის ეკონომიკა წელს 1,4%-ით გაიზრდება, სომხეთის - 2,7%-ით, რუსეთის 1,3%-ით, ხოლო თურქეთის - 3,5%-ით.