LinkedIn-ის აღმასრულებელი დირექტორი მსოფლიოში საუკეთესო ბოსია

მსოფლიოში საუკეთესო აღმასრულებელი დირექტორების რეიტინგში პროფესიული ქსელის - LinkedIn-ის ხელმძღვანელმა ჯეფ ვეინერმა პირველი ადგილი დაიკავა. ვენერი რეიტინგში პირველად მოხვდა, თუმცა პირველივე ჯერზე ლიდერის პოზიცია დაიკავა.

რეიტინგი Glassdoor-მა წარმოადგინა და ის კონკრეტული კომპანიების თანამშრომლების შეფასებებზე დაყრდნობით შეადგინეს.

ვეინერმა კომპანიის ყველა თანამშრომლისგან დადებითი შეფასება მიიღო - მას 100%-იანი დადებითი შეფასება აქვს, რის გამოც რეიტინგის სათავეში მოექცა. თანამშრომლებმა ვეინერის შეფასებისას მის შესანიშნავ ლიდერულ თვისებებს, კოლექტივთან მის გახსნილობას და მათთვის განკუთვნილი ბონუსების სიმრავლეს გაუსვეს ხაზი.

"კომპანიაში სრული გამჭვირვალობის კულტურაა. კვირაში ორჯერ ყველა თანამშრომელს შეუძლია მჭიდროდ ითანამშრომლოს თავის ხელმძღვანელთან", - აღნიშნავს LinkedIn-ის ერთ-ერთი თანამშრომელი.

რეიტინგში მეორე ადგილი Ford Motor-ის ხელმძღვანელმა, ალან მულალიამ დაიკავა, მესამე პოზიცია Edelman-ის აღმასრულებელ დირექტორს, რიჩარდ ედელმანს ერგო, ხოლო მეოთხე ადგილზე Northwestern Mutual-ის ხელმძღვანელი ჯონ შლიფსკეა.

საუკეთესო უფროსების ხუთეულს Qualcomm-ის ხელმძღვანელი, პოლ ჯეკობსი ასრულებს.

საინტერესოა, რომ კომპანია Google-ის აღმასრულებელი დირექტორი ლარი პეიჯი მე-11 პოზიციაზე მოხვდა. არადა Google-ის მიერ საკუთარი თანამშრომლების ლამის ყველა ”ახირების” დაკმაყოფილების შესახებ ყველასთვის ცნობილია და კომპანია ხშირად გამხდარა დასაქმებულების მიმართ ლოიალობის საუკეთესო მაგალითი.

რაც შეეხება Facebook-ის დამფუძნებელს, მარკ ცუკერბერგს, მან საუკეთესო ხელმძღვანელების რეიტინგში მე-10 ადგილი დაიკავა.

მთლიანობაში, რეიტინგში 51 კომპანიის ხელმძღვანელი მოხვდა.