"ტოიოტასა" და "ტესლას" შორის პარტნიორული ურთიერთობა, რომლის მიზანიც ელექტრომობილების ერთობლივი წარმოება იყო, არ განხორციელდა.
შედეგად, "ტოიოტა მოტორის" განცხადებით, კომპანიამ "ტესლას" ყველა აქცია ჯერ კიდევ 2016 წლის დასრულებამდე გაყიდა.
იაპონიის უმსხვილეს ავტომწარმოებელ კომპანიას ელექტრომობილების წარმოებაზე სპეციალიზებული კალიფორნიული კომპანიის აქციების 3 პროცენტი ეკუთვნოდა, რომელთა ჯამური ღირებულებაც 50 მილიონ დოლარს აღწევდა.
„ტოიოტას“ პრეს-სპიკერის რიო საკაის განმარტებით, „ტესლას“ აქციების გაყიდვა იმ საინვესტიციო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელშიც კომპანიას პერიოდულად კორექტივები შეაქვს. მისივე თქმით, „ტოიოტამ“ 2014 წელს „ტესლას“ აქციების პირველი პაკეტი გაყიდა.
„დიდი ხანია, „ტესლასთან“ ერთობლივი პროექტები შეწყვეტილი გვაქვს და არც რაიმე სიახლე დაგვიგეგმავს. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს ხელთ დარჩენილი აქციებიც გაგვეყიდა“, - ამბობს საკაი.
ადრე „ტოიოტა“ ელექტრომობილებთან დაკავშირებით ნაკლებად აქტიური იყო და ძირითად აქცენტს ჰიბრიდული ტექნოლოგიების განვითარებაზე აკეთებდა. მაგრამ ნოემბერში ახალი დივიზიონი შექმნა, რომელიც სწორედ ელექტრომობილების შემუშავებასა და წარმოებაზე იქნება ორიენტირებული. ამ ეტაპზე, მიზანი ის არის, რომ „ტოიოტამ“ შეძლოს გამონაბოლქვზე გამკაცრებული მოთხოვნების დაკმაყოფილება.