საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ლიბიამ, იემენმა და მალდივის კუნძულებმა დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს ყატართან.
ექსპერტთა განცხადებით, ექვსი ქვეყნის ეს რადიკალური ნაბიჯი ყატარის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.
"ბიბისის" ცნობით, საკვების კუთხით უსაფრთხოება განსაკუთრებული საკითხია ყატარისთვის, ვინაიდან ერთადერთი სახმელეთო გზა ყატარისკენ საუდის არაბეთზე გადის. ყოველ დღე ასობით სატვირთო მანქანა საზღვარს კვეთს და საკვები ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტია, რომელიც შემოაქვთ. ყატარის საკვები პროდუქციის 40% სწორედ ამ მარშრუტით შემოდის.
საუდის არაბეთმა კი დღეს განაცხადა, რომ დახურავს ყატართან საზღვარს და შესაბამისად, საკვების შემოტანის კუთხით ყატარი დამოკიდებული გახდება საჰაერო და საზღვაო გზებზე.
„ეს დაუყოვნებლივ გამოიწვევს ინფლაციას, რაც უშუალოდ აისახება რიგით ყატარელებზე“, - განაცხადა ღანემ ნუსეიბეჰმა, Cornerstone Global-ის საკონსულტაციო ფირმის დირექტორმა.
რაც შეეხება სამშენებლო სექტორს, ძირითადი მასალები, მათ შორის ფოლადი და ბეტონი საზღვაო გზით შემოდის, თუმცა ასევე საუდის არაბეთიდანაც სახმელეთო საზღვრიდან. საზღვრის დახურვა კი ფასების ზრდასა და შეყოვნებებს გამოიწვევს.
დღევანდელი დიპლომატიური სკანდალის ფონზე ყატარის მთავარი სააქციო ინდექსი 7%-ით დაეცა, რაც საინვესტიციო კლიმატის გაფუჭებაზე მეტყველებს. ყურეს ქვეყნების ბევრი კომპანია წარმოდგენილია ყატარში, თუმცა მათ როგორც მინიმუმ დროებით დახურვა მოუწევთ.