საქართველოს პარლამენტმა “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ შეიმუშავა, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.

როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, კანონპროექტი ინიცირებული იქნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომლის შესაბამისად ქვეყანამ ევროკანონმდებლობასთან ჰარმონიზების ვალდებულება აიღო.

გარემოს დაცვის მიმართულებით უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში სწორი გარემოსდაცვითი მმართველობის ჩამოყალიბება და გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემის სრულყოფა.

”მიღებული კოდექსი გარემოსდაცვითი შეფასების საკითხებს სრულიად ახლებურად არეგულირებს, კერძოდ: გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, რომელმაც ჩაანაცვლა გარემოზე ზემოქმედების ნებართვა, გამოეყო მშენებლობის ნებართვას, თუმცა, ამავდროულად, საქმიანობის განმახორციელებელს მიენიჭა უფლება პარალელურ რეჟიმში გაიაროს მშენებლობის ნებართვის პროცედურები.

გაიზარდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობები და განხორციელდა მათი რანჟირება მასშტაბებისა და ზემოქმედების ხარისხის მიხედვით;

შემოღებულ იქნა სკრინინგის პროცედურა, რაც შესაძლებლობას მისცემს საქმიანობის განმახორციელებელს დროულად აღიქვას პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული რისკები.

დაინერგა სკოპინგის პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ან სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისათვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და აღნიშნული ინფორმაციის გზშ-ის ან სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს.

ჩამოყალიბდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის ეფექტიანი მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების ჩართულობის მაღალ სტანდარტებს, გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე. ამასთანავე, დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფის ვალდებულება საქმიანობის განმახორციელებლის ნაცვლად დაეკისრა სამინისტროს, რაც გაზრდის საზოგადოების ჩართულობის ეფექტიანობას და შეამცირებს საქმიანობის განმახორციელებლის ხარჯებს;

დაინერგა სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სიტემა, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა სექტორების დაგეგმარების პროცესში გარემოსდაცვითი, სოციალური და ჯანდაცვის ასპექტების გათვალისწინებას;

შემოღებულ იქნა ტრანსსასაზღვრო გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა, რაც გულისხმობს პროექტის განმახორციელებელ და მოსალოდნელ ზემოქმედებას დაქვემდებარებულ სახელმწიფოს შორის კომუნიკაციას და კონსულტაციებს და უზრუნველყოფს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

კოდექსი სრულად ჰარმონიზებულია ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან, აგრეთვე მაქსიმალურად არის მორგებული ქვეყნის საკანონმდებლო სივრცესა და რეალობას”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.