რატომ ვერ ახერხებენ ქართველები თანხის დაზოგვას?

განვითარებულ ქვეყნებში დანაზოგი თითქმის ყველა ოჯახს აქვს - ეს არის თანხა, რომელიც ადამიანის ცხოვრებას უფრო სტაბილურს და იმედიანს ხდის.

სამწუხაროდ, საქართველოში თანხის დაზოგვის ფუფუნება ძალიან ცოტას აქვს. „ბიზნესპრესნიუსმა“ მცირე გამოკითხვა ჩაატარა და ასეთი შედეგი მიიღო: ათი გამოკითხულიდან მხოლოდ ორი ახერხებს „შავი დღისთვის“ მინიმალური თანხის გადანახვას. გამოკითხულები ამ თანხის დაზოგვას დიდი ეკონომიის ხარჯზე ახერხებენ.

„ჩემი მეუღლე პრესტიჟულ კომპანიაში მუშაობს. ხელფასი 1200 ლარი აქვს, მაგრამ ეს ფული ზოგჯერ მეორე ხელფასამდე არ მიგვყვება. ძალიან დიდი ეკონომიის ხარჯზე ვახერხებთ 200-300 ლარი დავზოგოთ და მოულოდნელი ხარჯებისთვის გადავდოთ. წარმომიდგენია, რა მდგომარეობაშია ის ხალხი, ვინც 300-400 ლარზე მუშაობს“, - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთმა რესპოდენტმა.

„გასაკვირი არაფერია იმაში, რომ ჩვენი მოსახლეობის უმეტესობას ფულადი დანაზოგი არა აქვს“ - აცხადებს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ავთო სილაგაძე.

„დანაზოგის გაკეთებას ადამიანი იმ შემთხვევაში ახერხებს, როცა მისი შემოსავალი ხარჯებს აღემატება, მაგრამ საქართველოში პირიქით ხდება: ხარჯები ბევრად აჭარბებს შემოსავალს, ამიტომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ფულადი დანაზოგი არა აქვს. მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებს სოლიდური თანხა გადაინახოს. ვიდრე მოსახლეობის შემოსავალი არ მოიმატებს და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების რაოდენობა არ შემცირდება, სიტუაცია სასიკეთოდ არ შეიცვლება. ადამიანს 300 ლარი რომ აქვს ხელფასი, იმან რა ფულადი დანაზოგი უნდა გააკეთოს?“, - აღნიშნავს ავთო სილაგაძე.

მისი შეფასებით, საქართველოში შემოსავლების გადანაწილების მხრივ სერიოზული პრობლემა გვაქვს.

„ქვეყანაში მდიდარი ფენაც უნდა იყოს და საშუალოც. როდესაც მცირე ნაწილი მდიდარია, ხოლო უმეტესობა - ღატაკი, ასეთ სახელმწიფოში ანაბრებზე და დანაზოგებზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ანაბრები ბანკებში სწორედ საშუალო ფენას, ფართო მასებს აქვთ გახსნილი. ეს ბალანსი დაცულია ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაშიც. მაგალითად, ბალტიის ქვეყნებში და ბელორუსში შემოსავლები გაცილებით სწორად არის გადანაწილებული, ვიდრე ჩვენთან - საქართველოში“, - ამბობს ავთო სილაგაძე.

მოსახლეობის რა ნაწილს აქვს ანაბრები კომერციულ ბანკებში? - ეს შეკითხვა თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელს - ვახტანგ ჭარაიას დავუსვით.

„დეპოზიტებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც მოიზიდავენ, მაგრამ მათი მოცულობა უმნიშვნელოა. ამიტომ, დღეს მხოლოდ საბანკო სექტორში არსებულ დეპოზიტებზე გავამახვილებ ყურადღებას: მათი დიდი ნაწილი უცხოურ ვალუტაშია გახსნილი და მთლიანობაში 12,1 მილიარდი ლარის ეკვივალენტის ტოლია. რაც შეეხება ეროვნულ ვალუტაში გახსნილ ანაბრებს, მათი რაოდენობა მხოლოდ 2,6 მლრდ ლარს შეადგენს ანუ მთლიანობაში ქართულ ბანკებში მოსახლეობის 14, 7 მილიარდი ლარის ოდენობის თანხა ინახება. შეიძლება ერთ ადამიანს 4-5 ანაბარიც ჰქონდეს, ვიღაცას 4-5 თვით აქვს გახსნილი, ვიღაცას - ერთი თვით ან - ერთი წლით, თუმცა უმეტესობას ბანკში მცირეოდენი თანხა შეაქვს, თანაც, რამდენიმე თვით. კარგი იქნებოდა ეს 14,7 მილიარდი ბიზნესსექტორში იყოს დაბანდებული, მაგრამ ჩვენს მოსახლეობას ამის მოტივაცია არა აქვს“, - აღნიშნავს ვახტანგ ჭარაია.

მისი თქმით, სოლიდური დანაზოგი საქართველოს მოსახლეობის უმცირეს ნაწილს აქვს.

„ქვეყანაში 800 ათასამდე პენსიონერია, 1 მილიონამდე - სოციალურად დაუცველი, დანარჩენი კი - 300-400 ლარზე მუშაობს და თანხის შენახვაზე ვერც იფიქრებს. ვის აქვს ჩვენს ქვეყანაში სოლიდური დანაზოგები? - იმ ფენას, რომელსაც აქვს საკმარისი შემოსავალი და შესაძლებლობა, რომ ფული გადაინახოს. ეს 14,7 მილიარდი ძირითადად მაღალშემოსავლიანი ფენის დანაზოგია, თუმცა აქ იმ ხალხის ფულიც შედის, ვისაც შედარებით მცირე თანხა აქვს ანაბარზე. ფენა, რომლის შემოსავალიც წელიწადში 40 ათას ლარს აღემატება, საქართველოში მცირერიცხოვანია და დაახლოებით 30-დან 40 ათასამდე მერყეობს. უხეშად თუ ვიანგარიშებთ, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 5% ფლობს მსხვილ დეპოზიტებს, დანარჩენებს კი ამის ფუფუნება არა აქვთ. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ უცხოურ ვალუტაში გახსნილი ანაბრების რაოდენობა ოთხჯერ მეტია ლარში გახნილ ანაბრებზე, რაც ჩვენი მოსახლეობის უნდობლობას ლარისადმი კიდევ ერთხელ ადასტურებს. ისიც უნდა ვთქვათ, რომ კომერციული ბანკების მონაცემებიც არ არის ზუსტი, რადგან ვიღაცას თავისი დანაზოგი შეიძლება სახლში ჰქონდეს შენახული, თუმცა ჩვენი მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს აქვს იმის ბედნიერება, რომ ოჯახს არაფერი მოაკლოს და თანხაც გადაინახოს“, - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.

ხათუნა ჩიგოგიძე