"პანორამა თბილისის" განხორციელებისთვის, მიწის გარკვეულ ნაწილს ბიძინა ივანიშვილისგან შეიძენენ

პროექტ "პანორამა თბილისის" განხორციელების ფარგლებში, "თანაინვესტირების ფონდი" მიწის გარკვეულ ნაწილს ფონდის ერთ-ერთი ინვესტორის, ბიძინა ივანიშვილისგან შეიძენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა განუცხადა.

"მიწების რაღაც ნაწილი, სადაც პროექტი უნდა განხორციელდეს, ბატონი ბიძინას საკუთრებაა. ამჟამად ეს მიწები ფონდის მფლობელობაში გადმოსვლის პროცესშია. მიწის რაღაც ნაწილს ვიყიდით სხვა კერძო მესაკუთრეებისგან", - აღნიშნა ბაჩიაშვილმა.

როგორც მან განმარტა," ინვესტორის მიერ ფონდისთვის კერძო საკუთრების ჩუქება, ზოგადად, გათვალისწინებული არ არის".

ამასთან, ბაჩიაშვილმა აღნიშნა, რომ "პანორამა თბილისი", ჯერჯერობით, 100 %-ით ფონდის პროექტია.

"თუმცა, ჩვენ ვეძებთ სავარაუდო პარტნიორებს და თუკი ასეთები გამოჩნდებიან, არ გამოვრიცხავ, რომ პროექტი სხვა კომპანიასთან თანამშრომლობით განვახორციელოთ", - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

ამასთან, "თანაინვესტირების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის თქმით, "პანორამა - თბილისის" ფარგლებში გათვალისწინებული, უშუალოდ სოლოლაკის მაღლობისა და სოლოლაკის ბაღების შესახებ პროექტები მერიაში განსახილველად მომავალ კვირას შევა.

"როგორც კი პროექტები დამტკიცდება, დაიწყება წინასწარი სამშენებლო სამუშაოები. "პანორამა - თბილისის" დანარჩენ პროექტებთან მიმართებაში კი მუშაობა ერთ-ორ თვეში დაიწყება", - დასძინა მან.

რაც შეეხება დანარჩენ პროექტებს, რომლებიც ფონდმა უკვე დაამტკიცა, გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, "მტკვარი ჰესის" პროექტს სავარაუდო პარტნიორი უკვე ჰყავს და პარტნიორისა და ფონდის თანადაფინანსება იქნება 50-50%. ასევე რამდენიმე პარტნიორი ჰყავს სოფლის მეურნეობის პროექტს და მათი თანამონაწილეობა იქნება დაახლოებით 40%. ხოლო "ცხენისწყალის" პროექტში, რომელიც, სავარაუდოდ, წელიწად-ნახევარში დაიწყება, ინვესტიციის უმეტეს ნაწილს - 60 %-მდე ამერიკული პირდაპირი ინვესტიციების ფონდი ჩადებს.