ბანკების აქტივები ერთ თვეში 0,2 მილიარდი ლარით შემცირდა

პირველი მარტისთვის კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები წინა თვესთან შედარებით, 0.2 მილიარდი ლარით (1.2 %-ით) შემცირდა და 17.2 მილიარდი ლარი შეადგინა. თუმცა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17,1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, საქართველოს საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები თვის დასაწყისისთვის 3 მილიარდ ლარს შეადგენს, ანუ, ერთ წელიწადში ნახევარი მილიარდი ლარით გაიზარდა (მთლიანი აქტივების 17.3%). რაც შეეხება უცხოურ კაპიტალს, მისმა მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 77.1% შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში უცხოური კაპიტალი 74.5 %-ით განისაზღვრებოდა.

თებერვალი საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა: წმინდა მოგებამ 39.2 მილიონი ლარი შეადგინა. 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში წმინდა მოგების მაჩვენებელი 29,2 მილიონი ლარით განისაზღვრებოდა.

ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილმა საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 76.8% შეადგინა. (2013 წელს თებერვალში მათი წილი უფრო მაღალი იყო - 79.8 % ).

საქართველოს საბანკო სექტორი 21 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 18 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 - უცხოური ბანკის ფილიალით.