,,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ ორგანიზებითა და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ხელშეწყობით, რუსთავში ქვემო ქართლში ტურიზმის განვითრების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია, რუსთავის მერის მოადგილე დავით ლობჟანიძე, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის, დონორი ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეების, არასამთავრობო სექტორისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ.
,,დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალის წინა პლანზე წამოწევა, რაც მოგვცემდა ინფორმაციას, იმის შესახებ თუ რა რესურსები და საშუალებები არსებობს რეგიონში ტურიზმის განითარებისათვის. დღევანდელი შეხვედრისა და დისკუსიის შემდეგ მოხდება კონკრეტული იდეების გენერირება. პროექტები, რომლებიც ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებმა დღეს წარმოადგინეს, მომავალში აუცილებლად რეალიზდება“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ,,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა მიხეილ ღურწკაიამ.
შეხვედრის მონაწილეებმა ქვემო-ქართლის რეგიონში ტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებსა და ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს, განსაკუთრებული ყურადღება რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე გაამახვილეს და პროექტების პრეზენტაციებიც წარადგინეს.