ბოლო წლებში საქართველოში ადგილობრივი ხორცის წარმოება შემცირდა და ბაზარზე სოლიდური ადგილი იმპორტირებულმა პროდუქციამ დაიკავა.
ამ სფეროში ბევრი სხვა პრობლემაც არის, რაზეც „საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ბექა გონაშვილი გვიამბობს.
- „მეცხვარეთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ვარ და ძირითადად მეცხვარეთა სატკივარზე ვლაპარაკობ, თუმცა პრობლემები სხვა მიმართულებითაც გვაქვს. რეექსპორტის ფაქტები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ბაზარზეც ხშირია: კერძოდ, რუსეთიდან და უკრაინიდან შემოჰყავთ იქაური ძროხები და მერე საქართველოდან გაჰყავთ, როგორც ქართული. ეს ისეთი საკითხია, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს, მაგრამ რადგან ამ ბიზნესით დაკავებულ ფერმერებს ასოციაცია არა აქვთ, ვინმემ ხომ უნდა თქვას სიმართლე, რომ ასეთი ფაქტები აღიკვეთოს?
- რით არის მიუღებელი მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული პირუტყვის გაყვანა საქართველოდან?
- პირველ რიგში ამ დროს დაავადებების გავრცელების საშიშროება იქმნება. მთავრობა ძალიან დიდ ფულს ხარჯავს ვაქცინაციაში, რომ ჩვენს ქვეყანაში საშიში დაავადებები არ გავრცელდეს. ის, რაც ამ მიმართულებით ბოლო 4-5 წლის განმავლობაში კეთდება, ადრე არ მომხდარა, მაგრამ რა გამოდის? - ერთი ხელით პირუტყვს ვიცავთ, კარგ საქმეს ვაკეთებთ და მეორე ხელით ამავე საქმეს ძალიან დიდ საფრთხეს ვუქმნით. ზოგ-ზოგიერთები იმასაც ამტკიცებენ, რომ სომხეთიდან საქართველოში სანაშენე პირუტყვი შემოდის, მაგრამ თუ ვინმეს სანაშენე პირუტყვის შემოყვანა უნდა, ბარემ ევროპიდან შემოიყვანოს. მე კარგად ვიცი, რომ სომხებს თვითონ არა ჰყავთ წესიერი საქონელი.- ბატონო ბექა, როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს ამ საფრთხის გასაბათილებლად?
- აუცილებლად უნდა იყოს საკარანტინო ზონები, განსაკუთრებით, მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული საქონლისთვის. მაგალითად, წინა კვირაში აზერბაიჯანიდან შემოიყვანეს ცხვარი, რომელიც გარეთ თავისუფლად დასეირნობდა. მე ნინოწმინდაში ვიყავი და ამ ამბავს სულ შემთხვევით გადავაწყდი. წესით, ეს ცხვარი გარეთ არ უნდა ყოფილიყო, კარანტინში უნდა ჰყოლოდათ. ბოლო წლებში ცხვრის რეექსპორტთან დაკავშირებით იმდენი სხვადასხვა სქემა შემხვდა, ყველაფერი რომ ვთქვა, გაოცდებით. ანალოგიური რამ ხდება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შემთხვევაშიც.- მაინც რატომ აზიანებს რეექსპორტი ჩვენს ინტერესებს?
- ყველაფერი ძალიან მარტივია: საქონელი, რომელიც საქართველოდან გადის რომელიღაც არაბულ ქვეყანაში, გადის იმიტომ, რომ ის ქვეყანა საქართველოს აღიარებს, როგორც საიმედო პარტნიორს და სჯერა, რომ აქედან ყოველთვის ჯანმრთელ საქონელს მიიღებს. ეს მაშინ, როცა სხვა ქვეყნების პროდუქციას შეიძლება არც იღებდეს. მაგალითად, იორდანია არაფრით არ იღებს სომხურ ცხვარს, რომლის იმიჯი იორდანიაში ძალიან შელახულია: ამის მიზეზი გაყალბებული დოკუმენტებია, რის გამოც ამ ქვეყანას არაკეთილსაიმედოდ მიიჩნევენ. საქართველო ვეტერინარული თვალსაზრისით საიმედო ქვეყნად არის აღიარებული და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. საყურადღებოა ისიც, რომ რეექსპორტი ადგილობრივი, ქართული პროდუქციის რეალიზაციასაც ხელს უშლის. ჩვენ კი ამ მხრივ სერიოზული უპირატესობა გვაქვს, რადგან ბევრი ქვეყანა მიიჩნევს, რომ ქართული პროდუქცია საიმედოა და პატივს გვცემს.- ესე იგი, მეზობელი ქვეყნებიდან ჩვენთან საეჭვო ხარისხის საქონელი შემოჰყავთ?
- ეს ალბათობა არსებობს, მაგრამ დაბეჯითებით ვერ გეტყვით, რომ მხოლოდ საეჭვო ხარისხის საქონელი შემოდის. შეიძლება ეს საქონელი ძალიან კარგიც იყოს, მაგრამ საკარანტინო წესები, რომელიც უნდა შესრულდეს, არ სრულდება. ერთ შეკითხვას დავსვამ - ჩვენი სახელის გამოყენება რა საჭიროა? როდესაც ჩვენს სახელს იყენებენ, ესე იგი, თვითონ საეჭვო რეპუტაცია აქვთ. ხომ შეიძლება ჩვენი სახელით არასწორი საქციელი ჩაიდინონ და ამის გამო ჩვენ დავზარალდეთ? მით უმეტეს, რომ ცხვარზე ამის დიდი გამოცდილება გვაქვს.- მსგავსი დარღვევების გამო რამდენიმე წლის წინ რუსეთმა უმკაცრესი ემბარგო დაგვიწესა ...
- შეიძლება რუსეთის გამო ახლა ჩვენ დაგვიწესონ ემბარგო სხვა ქვეყნებმა. არადა, სულ ტყუილად: საქართველოში ევროპული სტანდარტები არ არის, მაგრამ ვეტერინარული თვალსაზრისით ჩვენთან უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში. ჩვენთან პირუტყვი სწორედ ამ ქვეყნებიდან შემოჰყავთ. უკვე არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, ამიტომ, საბაჟოებზე კონტროლი უნდა გამკარცდეს და უცხო წარმოშობის პირუტყვი ჩვენს ქვეყანაში თავისუფლად არ უნდა დასეირნობდეს.ხათუნა ჩიგოგიძე