საქართველოს 4%-იანი ეკონომიკური ზრდა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას ეეჭვება.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2017 წელს მშპ-ის ზრდის ტემპი 3,5%-ს არ აღემატება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელად, 3,9%-ზე დატოვა, სავალუტო ფონდის ვარაუდით კი მიმდინარე წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 3,5% იქნება. არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ აქვს იმედი, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი 4%-ს მიაღწევს.
შეიძლება ითქვას, დიდი იმედი მაინცდამაინც აღარც საქართველოშია. აპრილის მონაცემს თუ გავითვალისწინებთ, აშკარაა, რომ მშპ-ის ზრდის ტემპი საგრძნობლად დამუხრუჭდა. რა მოხდა ქვეყანაში ისეთი, რომ ყველაფერი უცებ შეიცვალა? ქართველი ექსპერტების მოსაზრებებს თუ გავითვალისწინებთ, მთავრობის არასწორმა პოლიტიკამ, განსაკუთრებით - საგადასახადო მიმართულებით, ეკონომიკურ გარემოზე ნეგატიურად იმოქმედა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2017 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,5%-მე შეამცირა, რაც 1,7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა პროგნოზთან შედარებით. მსოფლიო ბანკის ივნისის ანგარიშის "გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები" თანახმად, მან ასევე შეამცირა მომავალი ორი წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. 2018 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა 4% (კლება - 1,3%) იქნება, 2019 წელს კი - 4,5% (კლება - 0,5%).
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოს მშპ წლეულს 3,9%-ით გაიზრდება. რაც შეეხება 2018 წელს, ევრობანკის პროგნოზით, მშპ გაისად 4,2%-ით მოიმატებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი პირველი იყო, რომელმაც საქართველოს პროგნოზი შეუმცირა. სსფ-ის ვარაუდით, 2017 წელს მშპ 3,5%-ით გაიზრდება, ინფლაცია კი ეროვნული ბანკის 4 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს აშკარად გადააჭარბებს ვალუტის გაუფასურების, მაღალი სასაქონლო ფასებისა და აქციზის ზრდის გამო. არადა, რამდენიმე თვის წინათ ფონდის პროგნოზი ჯერ 5,2%, მოგვიანებით კი 4% იყო.
ეკონომისტები ამბობენ, რომ ერთი კონკრეტული ფაქტორი, თუ რატომ შემცირდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ცალსახად არ არსებობს. ირაკლი ყიფიანის შეფასებით, რეალურად ჩვენ გვაქვს არაპროგნოზირებადი, არასტაბილური ეკონომიკა.
"რა თქმა უნდა, მიუღებელია საგადასახადო მიმართულებით გატარებული ღონისძიებები, რამაც ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად იმოქმედა, მათ შორისაა აქციზის გადასახადიც. ერთი შეხედვით იგი ბიუჯეტის შესავსებად იქნა გამოყენებული, მაგრამ სრულიად საპირისპირო შედეგი მოგვცა. მსგავსი ტიპის რეგულაციებს სახელმწიფო არ უნდა იღებდეს და ამაზე არაერთხელ ვთქვით.
ინფლაციური პროცესი კარგა ხნის დაწყებულია, ხდება რეფინანსირების განაკვეთის ზრდა. ცხადია, ესეც ეკონომიკაზე დადებითად არ აისახება, რადგან ფულის გაძვირებას უკავშირდება. ასეთივე უარყოფითი ფაქტორია გზავნილების შემცირება, კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღება, მიწის უცხოელებზე მიყიდვის წესებთან დაკავშირებული ცვლილებები. ყველა ეს ფაქტორი განაპირობებს, რომ რეალურად 3%-იანი ეკონომიკური ზრდის მქონე ქვეყანას წარმოვადგენთ.
ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებს რომ გადავხედოთ, ეროვნული პროდუქციის გატანა არ ხდება ქვეყნიდან, წიაღისეულს თუ არ ჩავთვლით. ეკონომიკური ფონი გვაქვს საკმაოდ მძიმე", - ამბობს ყიფიანი.
მისი ვარაუდით, ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად იმოქმედა ქართულ ვალუტაში ფასწარმოქმნასთან დაკავშირებულმა რეგულაციამაც, რადგან ამან უცხოელი ინვესტორები დააფრთხო.
"რა საგადასახდო პოლიტიკაც გვაქვს, ეკონომიკური ზრდაც ისეთივეა. უამრავი მაგალითის დასახელება შეგვიძლია. ცხადია, ქართულ ვალუტაში ფასწარმოქმნასთან დაკავშირებულმა რეგულაციამაც ინვესტიციებზე უარყოფითად იმოქმედა, რადგან უცხოელი ინვესტორები დააფრთხო. პრობლემა გვაქვს იმ არასწორი პოლიტიკის გამო, რასაც ბოლო პერიოდის განმავლობაში სისტემატურად ვახორციელებთ", - განუცხადა "რეზონანსს" ირაკლი ყიფიანმა.
შიდა ფაქტორებისთვის ყურადღების მიქცევა, ლარის კურსი, განსაკუთრებით, მონეტარული პოლიტიკა და ფისკალური პოლიტიკის ხარჯვის ნაწილი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად გადამწყვეტია. "ახალი ეკონომიკური სკოლის" პრეზიდენტი პაატა შეშელიძე ფიქრობს, რომ მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, მაინც 4%-ის ფარგლებში შენარჩუნდება.
"არ ვიზიარებ შეხედულებას, რომ ეკონომიკური ზრდა 4%-ზე დაბალი იქნება. თუკი სწორი ეკონომიკური პოლიტიკა გატარდება, ეს მაჩვენებელი არ შემციდება. ყველაზე მთავარი, რამაც გავლენა მშპ-ზე იქონია, ეს არის ლარის დასტაბილურება, რეფინანსირების სესხების გარკვეული მოცულობით შემცირება და სამთავრობო ხარჯების კლება. საგადასახადო ნაწილი რადიკალურად ვერ იმოქმედებდა ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა აქციზი გაიზარდა და ბევრი მომხმარებელი ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მართალია, რიგი პროდუქტი გაძვირდა, მაგრამ, იმავდროულად, რეალიზაცია შემცირდა.
გასულ თვეებში აქცენტი გაკეთდა ეკონომიკაში ინვესტიციებსა და არა სპეკულაციებზე, ამასთან, სამომხმარებლო ხარჯების მხრივაც მოხერხდა ეკონომია, რაც ქვეყნისთვის დიდი პრობლემა იყო. თუმცა, წინ არჩევნებია და "ქართულ ოცნებას" საკუთარი კანდიდატის გასაყვანად სერიოზული ხარჯის გაწევა მოუწევს", - ამბობს პაატა შეშელიძე.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"