თბილისის მერიაში დღეს ავჭალის მოსახლეობის საჩივრის განხილვა გაიმართა. როგორც ”თავისუფალი საქართველოს” პრესსამსახურიდან იუწყებიან, მოქალაქეები მათ უბანში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. მოსახლეობის ინტერესებს თბილისის მერიაში პარტია “თავისუფალი საქართველო” წარმოადგენს.
პარტიის მოთხოვნით, ავჭალის მცხოვრებლები კორპუსის მშენებლობაზე ნებართვის გაცემის პროცესში მერიამ დაინტერესებულ მხარედ აღიარა, რაც იმის გარანტიაა, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას მათი ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.
”მიგვაჩნია, რომ “ქართული ოცნების” ადმინისტრაციის პირობებში (ისევე როგორც წინა და იმის წინა ხელისუფლების დროს) თბილისის იერსახე ეწირება ვიწრო ჯგუფების კორუფციულ ინტერესებს და ჩვენი დედაქალაქი გაივსო ბეტონის მახინჯი კონსტრუქციებით. ყველა უბნის მცხოვრებლებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მათ საცხოვრებლებთან მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობას, “თავისუფალი საქართველო” უსასყიდლო სამართლებრივ დახმარებას აღმოუჩენს”, - აცხადებენ ”თავისუფალ საქართველოში”.