საჯარო სამსახურში, მოხელის თანამდებობაზე დასაქმების მიზნით, სერტიფიცირების ვალდებულება უქმდება იმ პირების მიმართ, რომლებსაც უმაღლესი განათლება გააჩნიათ ან ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით აქვთ ჩაბარებული.
მოხელის სერტიფიკატი არის საჯარო სამსახურში მოხელის თანამდებობაზე დასაქმების მსურველისათვის აუცილებელი ზოგადი უნარებისა და ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც სერტიფიცირების წარმატებით გავლის შედეგად გაიცემა.
მოხელის სერტიფიკატი სიახლეს წარმოადგენს და ის ”საჯარო სამსახურის შესახებ” ახალი კანონით შემოდის, რომელიც მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან უნდა ამოქმედდეს, თუმცა პარლამენტში, მთავრობის ინიციატივით უკვე ინიცირებულია აღნიშნულ კანონში შესატანი ცვლილებები.
პროექტის მიხედვით, მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისას, მოხელის სერტიფიკატი არ მოეთხოვება უმაღლესი განათლების მქონე პირს და პირს, რომელსაც წარმატებით აქვს ჩაბარებული ერთიანი ეროვნული გამოცდები.
ცვლილებების მიზეზად ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვა სახელდება.
პროექტით ასევე განისაზღვრება სერტიფიცირების ელექტრონულად ჩატარების ვალდებულება.