"ბოლო დროს დაფიქსირებული მიწისძვრები შემაშფოთებელი არ არის, რადგან ჩვენ რეგიონში ძლიერი მიწისძვრები იშვიათად ხდება"

თუ ჩვენ მიწისძვრების საერთო სტატისტიკას გადავხედავთ, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება - მიწისძვრები საერთოდ ასეთი მოვლენაა, რომ გარკვეულად დაჯგუფდება, მოხდება რაღაც პერიოდში, შემდგომ კი ჩაწყნარების პერიოდი.

ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელმა, ზურაბ ჯავახიშვილმა განაცხადა.

ჯავახიშვილის თქმით, გუშინდელი მიწისძვრა საშუალო სიმძლავრის იყო, ძლიერ მიწისძვრებად ითვლება 6 მაგნიტუდიდან ზევით.

„საერთო ჯამში, თუ კავკასიის სეისმურობას ვნახავთ, ბოლო დროს დაფიქსირებული მიწისძვრები ჩვეულებრივი მოვლენაა და არაფერია შემაშფოთებელი. ჩვენი რეგიონი არის საშუალო სეისმურობის, ძლიერი მიწისძვრები იშვიათად ხდება, მაგრამ ასეთი, საშუალო სიძლიერის მიწისძვრები ხდება გარკვეული ინტენსივობით.

მიწისძვრები, რა თქმა უნდა, ისევ მოსალოდნელია. სეისმურად უფრო აქტიურია კავკასიის მთავარი ქედი მისი მიმდებარე ტერიტორიით და საქართველოზე თუ ვიმსჯელებთ, განსაკუთრებული აქტიურობით ჯავახეთის ზეგანი გამოირჩევა“, - განაცხადა ზურაბ ჯავახიშვილმა.

მისივე განცხადებით, ადამიანები ძლიერ და საშუალო მიწისძვრებს შეიგრძნობენ, თუმცა ძალიან ხშირად ხდება სუსტი მიწისძვრები, რომელთა დაფიქსირებაც, მხოლოდ აპარატურას შეუძლია.