ზურაბ ჭიაბერაშვილი - ხელისუფლების გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მიწები გაუფასურდება და მათ შეიძენენ ივანიშვილები, ფარცხალაძეები და ღარიბაშვილები

სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მიწები გაუფასურდება და მათ შეიძენენ ივანიშვილები, ფარცხალაძეები, ღარიბაშვილები და ის ადამიანები, რომლებიც ივანიშვილის კორუმპირებულ სისტემაში ხალხის ხარჯზე გამდიდრდა , - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი სასოფლო-სამეურნეო მიწების მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე გასხვისების გადაწყვეტილებას.

ჭიაბერაშვილი მმართველი გუნდის ინიციატივას პოპულისტურს უწოდებს.

„სამწუხაროდ, ეს არის საზოგადოების ნაწილის ემოციის ფონზე მიღებული პოპულისტური გადაწყვეტილება, რაც ხელს შეუწყობს გლეხისთვის მიწის ფასის დაგდებას. მომავალი წლების განმავლობაში კი, ჩვენ ვნახავთ, რომ ამ გაუფასურებულ მიწას შეიძენენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იქნებიან ივანიშვილები, ფარცხალაძეები, ღარიბაშვილები, კვირიკაშვილები და სხვები“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება. საპარლამენტო უმრავლესობაში მომზადებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვით, მორატორიუმი შეეხება კანონის იმ მუხლს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების შესაძლებლობას იძლევა.

ამავდროულად, იგეგმება პარლამენტში დაახლოებით ერთი კვირის წინ ინიცირებული კანონპროექტის გაწვევა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით რეგულაციების შემოღებას ითვალისწინებდა.