ეკონომიკის დოქტორებისთვის ყოველწლიურად იანვარში იმართება ე.წ. Job Market, სადაც მთელი მსოფლიოს დამსაქმებლები ჩადიან და ხვდებიან დოქტორანტებს, რომლებიც სწავლას რამდენიმე თვეში დაამთავრებენ. ეკონომისტების ყველაზე მასობრივი შეკრება 2016 წლის იანვარში ჩიკაგოში ჩატარდა და მისი ერთ-ერთი მონაწილე სტენფორდის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორი დავით ცირეკიძე იყო.
დავითს ღონისძიებაზე რამდენიმე კომპანია დაუკავშირდა და რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკების შემდეგ საბოლოოდ გადაწყვიტა მუშაობა დაეწყო ვაშინგტონში, ეკონომიკურ ფირმაში, რომელიც კერძო კომპანიებს ეკონომიკურ კონსულტაციებს უწევს.
"ჯერჯერობით მინდა ამერიკაში ვიმუშაო და ძლიერ ეკონომისტად ჩამოვყალიბდე, პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება მივიღო," - ამბობს ცირეკიძე. როგორც დათო გვეუბნება, მას სხვა წარმატებული ქართველების მაგალითმა მისცა ბიძგი, რომ ჩაებარებინა ჯერ ISET-ში და შემდეგ ეტაპზე სტენფორდის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი მიეღო.
"პირველი რვა კლასი ქუთაისში ვისწავლე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში და წარმატებით გამოვდიოდი საქართველოს მათემატიკურ ოლიმპიადებში. სწორედ ამ დროიდან დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ მე ამერიკის დიდ უნივერსიტეტში უნდა მესწავლა. მამაჩემმა ჩათვალა, რომ თბილისის მათემატიკურ სკოლაში, კომაროვში, მეტი ცოდნის მიღება შემეძლო, ამიტომ დატოვა თავისი პროფესორის თანამდებობა ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში და ჩემთან ერთად გადმოვიდა თბილისში. მე ამ დროს 13 წლის ვიყავი," - იხსენებს დავითი.
მომდევნო წლებში ახალგაზრდამ არაერთ წარმატებას მიაღწია სასკოლო თუ საუნივერსიტეტო ოლიმპიადაში. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის დამთავრების პერიოდში უკვე აქვეყნებდა სამეცნიერო სტატიებსაც. თუმცა, მისი მიზანი მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტში სწავლა იყო და ყველაფერს აკეთებდა ამისთვის.
"სწორედ ამ დროს გავიგე, რომ თბილისში არსებობდა ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET), რომლის წარმატებული კურსდამთავრებულები ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტებში მოხვდნენ სადოქტორო პროგრამებზე. ეკონომიკა იდეალური ვარიანტი ჩანდა, რადგანაც ჩემი მათემატიკური ცოდნის უფრო პრაქტიკული გამოყენება მაინტერესებდა. მართლაც, 2-წლიანი დაუღალავი შრომის შედეგად, გავხდი ISET-ის ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე მაგისტრი (Valedictorian). ამან საშუალება მომცა, მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტების ყურადღება მიმექცია, რომლებიც ეკონომიკის სკოლაში 2-3 თვით ჩამოდიოდნენ და ლექციებს მიკითხავდნენ," - ამბობს სტენფორდის უნივერსიტეტის დოქტორი.
მაგისტრატურის დამთავრებისას დავით ცირეკიძემ მსოფლიოს საუკეთესო სადოქტორო პროგრამებზე ეკონომიკაში აპლიკაციები შეავსო. შედეგად კი მიიღეს ამერიკის რამდენიმე უნივერსიტეტში, მათ შორის, სტენფორდის უნივერსიტეტში, ნიუ იორკის უნივერსიტეტსა და კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. განაგრძეთ კითხვა
ნანა მღებრიშვილი