მაქვს ნათელი ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ფინანსურ დანაშაულებთან ბრძოლა და როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო ეფექტური უწყების საქმიანობა , - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალმა უფროსმა ლევან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
გამყრელიძის თქმით, მისთვის აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელობა საპასუხიმგებლოა. მან ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
”მადლობა ნდობისთვის, ეს ჩემთვის მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაა. საგამოძიებო სამსახური ჩემთვის ნაცნობი და მშობლიურია, რადგან იქ გატარებული მაქვს 11 წელი. კარგად ვიცი რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას მისი განვითარებისთვის, მაქვს ნათელი ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ფინანსურ დანაშაულებთან ბრძოლა და როგორ უნდა გახდეს უფრო ეფექტური უწყების საქმიანობა”, - განაცხადა ლევან გამყრელიძემ.
ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სამინისტროს საგამოძიებო უწყება გამოირჩევა როგორც წამყვანი უწყება ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლასთან მიმართულებით, შესაბამისად, სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე გამოცდილი კადრის დანიშვნა მნიშვნელოვანია. ფინანსთა მინისტრის თქმით, უნდა გადაიდგას ნაბიჯები სამსახურის რეფორმირებისა და არსებული გამოწვევების გამკლავების მიმართულებით. მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ლევან გამყრელიძე აღნიშნულ საქმიანობას კარგად წარუძღვება. მისივე თქმით, გამყრელიძეს ნდობა აქვს როგორც ფინანსთა მინისტრის, ასევე სამთავრობო გუნდის, მათ შორის პრემიერ-მინისტრისაც.
”ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგამოძიებო სამსახური გამოირჩევა როგორც წამყვანი უწყება ფინანსური დანაშაულის ბრძოლის მიმართულებით. სამსახური, რომელიც ეფექტიანად წარმართავდა საქმიანობას, დღეს ახალი გამოწვევების წინაშე დგას. სამსახურის წინაშე დასმული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელია ისეთი ხელმძღვანელი, რომელიც კარგად იცნობს საგადასახადო სისტემას, გადასახადების გადამხდელთა ფსიქოლოგიას, ფინანსური დანაშაულის გამოვლენას და აქვს მის წინააღმდეგ ბრძოლის დიდი გამოცდილება. ჩვენ საგამოძიებო სამსახურის გაძღოლა შევთავაზეთ ადამიანს, ვინც ყველა უწყებაში თავი გამოიჩინა, როგორც პროფესიონალმა, კარგმა მენეჯერმა და რეფორმატორმა. ამდენად ვფიქრობ, რომ ის ახალ თანამდებობაზე მუშაობას დიდი ენთუზიაზმით წარმართავს. მნიშვნელოვანია გადაიდგას ნაბიჯები სამსახურის რეფორმირების, ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და დღეს არსებულ გამოწვევებთან გამკლავების მიმართულებით. ამ მხრივ მნიშვნელოვანია კვალიფიციურ გუნდთან მუშაობა ”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნულ უწყებაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებითაც გააკეთა მოკლე განცხადება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბადაშვილმა აღნიშნული თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო. მინისტრი თქმით, ბადაშვილმა უწყებაში არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული რეფორმა ჩაატარა. მან საგამოძიებო სამსახურის ყოფილ უფროსს ახალ თანამდებობაზე წარმატება უსურვა. ”გიორგი ბადაშვილი 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა საგადასახადო სამსახურს. მან არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა. გიორგი ბადაშვილმა თვითონ მიიღო სხვა სამსახურში გადასვლის გადაწყვეტილება და მე მინდა მას წარმატება ვუსურვო”, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
ლევან გამყრელიძე ამ დრომდე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. მას ფინანსთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე 11-წლიანი მუშაობის შტაჟი გააჩნია. ლევან გამყრელიძემ აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ბადაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც გუშინ მთავარი პროკურორის მეოთხე მოადგილედ დაინიშნა.