15 რუსულ ბანკსა და 9 კორპორაციას საერთაშორისო რეიტინგები შეუმცირდა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი 15 რუსულ ბანკსა და 9 გიგანტ კორპორაციას ”ნეგატიურით” შეუცვალა.

კერძოდ, რეიტინგები გაუუარესდათ უმსხვილეს სახელმწიფო ბანკს, ”სბერბანკსა” და კომერციულ ”ალფა ბანკს”, რუსეთის რკინიგზას, ”გაზპრომსა” და ”რუსჰიდროს”. უცხოელმა ექსპერტებმა უნდობლობა ”ატომენერგოპრომს”, ”ლუკოილს”, ”სუხოვის სამოქალაქო თვითმფრინავებსა” და ”ელექტროენერგიის ფედერალურ კომპანიასაც” გამოუცხადეს. ამ საწარმოთა უმეტესობის აქციონერი, არცთუ იშვიათად, ერთადერთიც, სახელმწიფოა.

”პროგნოზების გადახედვა თავად რუსეთის ფედერაციისთვის 21 მარტს ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგის "ВВВ" (”სტაბილურის”)” უარყოფითით” შეცვლამ განაპირობა”, - აღნიშნულია Fitch -ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ექსპერტებმა თავისი შეფასება იმ მიზეზით გაამართლეს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, კომპანიებმა რუსეთის მთავრობის დახმარება, შესაძლოა, ძველებურად ვერ მიიღონ.

აღსანიშნავია, რომ Fitch -მა პროგნოზები რუსეთში არსებულ საერთაშორისო ბანკების ფილიალებს, მათ შორის, ”რაიფაიზენბანკს”, ”სითიბანკსა” და ”ნორდეაბანკსაც” შეუმცირა.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების შეფასებები მნიშვნელოვანია კომპანიებისთვის, რადგან მათ საფუძველზე ინვესტორები იღებენ გადაწყვეტილებას ფულის დაბანდების მოცულობის შესახებ.