იაპონია უკრაინას 1.5 მლრდ დოლარს გამოუყოფს

იაპონია გეგმავს, უკრაინას დახმარების სახით 1.5 მლრდ დოლარი გამოუყოს. ამის შესახებ Agence France-Presse იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურ მდივანზე, იოსიჰიდე სუგაზე დაყრდნობით წერს.

იაპონია უკრაინას ფინანსურად მას შემდეგ დაეხმარება, რაც კიევი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ეკონომიკური რეფორმების გეგმას შეათანხმებს. ამასთან, 1.5 მილიარდიდან 1.1 მლრდ დოლარი დაბალპროცენტიანი სესხი იქნება.

უკრაინის ხელისუფლებამ დაადგინა, რომ ქვეყანას სასწრაფო ფინანსური დახმარების სახით მინიმუმ 15 მლრდ დოლარი სჭირდება. ხოლო, მომავალი 2 წლის განმავლობაში ქვეყანას კიდევ 20 მლრდ დასჭირდება.

2014 წლის მარტის დასაწყისში ევროკავშირმა უკრაინისთვის 11 მილიარდიანი ფინანსური დახმარების გაწევის გადაწყვეტილება მიიღო. ევროკავშირი გეგმავს, აღნიშნული თანხა უკრაინას ორი წლის განმავლობაში იმ პირობით მისცეს, თუკი კიევი დათანხმდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეფორმების გეგმის შესრულებას.

გარდა ამისა, უკრაინისთვის 1.5 მლრდ დოლარის მოცულობის ფინანსური დახმარების გაწევას აშშ-ც აპირებს. შესაბამის კანონპროექტს აშშ-ის კონგრესი ამჟამად განიხილავს.