ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო რეგიონში არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო იუწყება.
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემებთან დაკავშირებით გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა.
მინისტრის განცხადებით, პირდაპირი ინვესტიციები იზრდება ტრანსპორტის, მშენებლობის, კავშირგაბმულობის, ვაჭრობის, დეველოპმენტის, საფინანსო და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.
„რომ ნახოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა ჩვენი რეგიონის ქვეყნებში, ყველგან არის კლება, ერთადერთი ქვეყანა არის საქართველო, სადაც არის ინვესტიციების ზრდა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ 4%-მდე ზრდა არ არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, ჩვენი მიზანია გვქონდეს და აუცილებლად გვექნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უფრო მეტი ზრდა,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
2017 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაზრდილია 3.7%-ით და 403.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ასევე 3.8-ჯერ გაზრდილია რეინვესტირების მაჩვენებელი, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ერთ-ერთი კომპონენტია. 2017 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, უძრავი ქონებისა და საფინანსო სექტორებში. ინვესტიციების შემოდინების კუთხით გამოირჩეოდა აზერბაიჯანი, საიდანაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 24% (97 მლნ აშშ დოლარი) განხორციელდა, თურქეთი - მთლიანი ინვესტიციების 20% (82 მლნ აშშ დოლარი) და გაერთიანებული სამეფო 20% (80 მლნ აშშ დოლარი).
„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ბოლო წლების განმავლობაში რეგიონში იყო კლების ტენდენცია პირდაპირი ინვესტიციების კუთხით. საქართველო რეგიონში არის ერთადერთი ლოკაცია, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში შემცირებული საინვესტიციო აქტივობის ფონზე, ინვესტიციების მაჩვენებლის ზრდა ადასტურებს, რომ საქართველოში ბიზნესის კეთებისთვის კარგი გარემოა შექმნილი.
„მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების პარალელურად მოსალოდნელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემდგომი ზრდა, რასაც ასევე ხელს შეუწყობს ქვეყანაში გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობა და თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველო აგრძელებს მიზნობრივ საინვესტიციო ჯგუფებთან მუშაობას, რათა ქვეყანა მუდმივად დარჩეს საერთაშორისო ინვესტორების ინტერესთა არეალში“, - განაცხადეს სამინისტროში.