„ცოცხალ ცხოველთა საკარანტინო წესების გამკაცრება მეცხვარეთა მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა“

მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ბექა გონაშვილი, მთავრობის გადაწყვეტილებას ქვეყანაში ცოცხალ ცხოველთა საკარანტინო წესების გამკაცრების შესახებ მიესალმება და აღნიშნავს, რომ ეს მეცხვარეთა მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.

საუბარია, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე, რომელზეც მთავრობის სხდომაზე გუშინ იმსჯელეს და ახლა განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, დაგეგმილი ცვლილებები, ქართულ ცხვარში უცხო ცხვრის შერევასა და იმპორტირებული ცხვარის საქართველოდან ქართული ცხვარის სახელით გასვლას ფაქტობრივად გამორიცხავს.

კონკრეტულად რას გულისხმობს კარანტინის წესების გამკაცრება და რა სახის რეგულაციებს ითვალისწინებს კანონპროექტი - „ბიზნესპრესნიუსი“ სურსათის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამმართველოს უფროსს მაკა შუბლაძეს ესაუბრა.

როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, პროფილაქტიკური კარანტინის წესის გამკაცრებით, იმპორტის შემთხვევაში ქვეყანა დაავადების შემოჭრისა და გავრცელებისგან იქნება დაცული, ექსპორტის შემთხვევაში კი ცოცხალი ცხოველების ვაჭრობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ცოცხალი ცხოველის იმპორტის შემთხვევაში ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ შესაბამისი ვადით საკარანტინო ზონაში განთავსდეს. ეს კი ქვეყანაში სხვადასხვა დაავადების გავრცელების რისკს შეამცირებს. საკარანტინო წესების დარღვევის შემთხვევაში კანონპროექტში 5 ათას ლარიანი ფულადი სანქციაა განსაზღვრული. ამასთან, საკარანტინო პერიოდში სააგენტო სისტემატიურად განახორციელებს მონიტორინგს თუ რამდენად ხდება დადგენილი წესების დაცვა,“- აღნიშნა მელქაძემ.

ცხვრის იმპორტისა თუ რეექსპორტის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ხშირად საუბრობდნენ ქართველი მეცხვარები. 

როგორც კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსს“ მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ბექა გონაშვილმა განუცხადა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებით მთავრობამ აღიარა ის პრობლემები, რაზეც წლების განმავლობაში საუბრობდნენ.

„ყველაზე მთავარი არის, რომ მთავრობამ მხარი დაგვჭირა და აღიარა ის პრობლემა, რაზეც მთელი ამ ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით. ეს არ ნიშნავს, რომ ხვალიდან ყველაფერი კარგად იქნება, რადგან საჭიროა შესაბამისი კონტროლი და ყურადღება. თუმცა ჩვენი მთავარი მონაპოვარია კარანტინის წესების გამკაცრება და ქვეყანაში სხვადასხვა დაავადების გავრცელების რისკის შემცირება. რადგან მაშინ, როცა სახელმწიფო უფასო ვაქცინაციაზე მილიონობით ლარს ხარჯავდა, სხვადასხვა დაავადების შემოსვლის დიდი ალბათობა იყო,“-აღნიშნა გონაშვილმა.