სააპელაციო სასამართლომ შპს „ფილიპ მორის საქართველოსა“ და სს „ფილიპ მორის ეს.ეი“-ს მიმართ დაკისრებული 92 მილიონამდე ლარის ჯარიმა გააუქმა.
როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლო იუწყება, მეორე ინსტანციის სასამართლომ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
„სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რის შედეგადაც შპს „ფილიპ მორის საქართველო“ და სს „ფილიპ მორის ეს.ეი“ სრულად გათავისუფლდნენ 92 მილიონამდე ლარის გადახდის ვალდებულებისაგან.
შეგახსენებთ, მოსარჩელე სს „თბილისის თამბაქო“ შპს „ფილიპ მორის საქართველოსა“ და სს „ფილიპ მორის ეს.ეი“-სთვის ზიანის ანაზღაურების სახით თანხის დაკისრების თაობაზე დავობდა. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული საწარმოები სხვადასხვა სახის სიგარეტების რეალიზაციას თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ახდენდნენ, რითაც კანონს არღვევდნენ და სს „თბილისის თამბაქოს ზიანს აყენებდნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების თანახმად, შპს „ფილიპ მორის საქართველოსა“ და სს „ფილიპ მორის ეს.ეი“-ს სოლიდარულად დაკისრებული ჰქონდათ 92 მილიონამდე ლარის ზიანის ანაზღაურება სს „თბილისის თამბაქოს“ სასარგებლოდ, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გააუქმა,“ - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
29 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე დაინიშნა. ჩინჩალაძის კანდიდატურას მხარი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა.