„ფილიპ მორისისა“ და „ბრიტიშ ამერიკან ტობაკოსთვის“ პირველი ინსტაციის სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გაუქმების გადაწყვეტილების მიღებით საქართველოში სასამართლო სისტემამ სწორი ფუნქციონირება დაიწყო. ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ სააპელაციო სასამართლოს მიერ „ფილიპ მორისისა“ და“ ბრიტით ამერიკან ტობაკოს“ საქმეზე გამოტანილი განაჩენის კომენტარებისას განაცხადა.
„პირველ ინსტანციაში რაღაც შეცდომები იყო დაშვებული და სააპელაციო სასამართლომ ეს შეცდომები გამოასწორა და დაიცვა ბიზნეს ინტერესები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს არის მესიჯი ბიზნესისათვის, რომ სასამართლო სისტემა, თუ ხარ მართალი, დაიცავს სიმართლეს. ბევრი კომპანია უცხოელი იურისტებიდან დაწყებული, დიპლომატებით დამთავრებული, ყველა აკვირდებოდა იმ გადაწყვეტილების მიღებას, რაც დღეს მიიღეს“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.
მისივე თქმით, დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, სასამართლომ ყველას მესიჯი გაუგზავნა, რომ სწორი ფუნქცინირების კანონიერების დაცვის შემთხვევაში საქართველოში უცხოური ბიზნესი იქნება დაცული.
„სასამართლოს გადაწყვეტილება ასეთი რომ არ ყოფილიყო, რაღაც პერიოდში ძალიან სერიოზული უხერხულობა ექნებოდა თვითონ ბიზნესს, რადგან როცა ბიზნესი მართალია და სასამართლო შენ სიმართლეს იცავს, ეს უკვე ძალიან საამაყო და იმედისმომცემია“, - აცხადებს თემურ ჭყონია.
დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რის შედეგადაც შპს „ფილიპ მორის საქართველო“ და სს „ფილიპ მორის ეს.ეი“ სრულად გათავისუფლდნენ 92 მილიონამდე ლარის გადახდის ვალდებულებისაგან.
კომპანია „თბილისის თამბაქო“ დავობდა შპს „ფილიპ მორის საქართველოსა“ და სს „ფილიპ მორის ეს.ეი“-სთვის ზიანის ანაზღაურების სახით თანხის დაკისრების თაობაზე. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული საწარმოები ახდენდნენ სხვადასხვა სახის სიგარეტების რეალიზაციას თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, რითაც არღვევდნენ კანონს და ზიანს აყენებდნენ სს „თბილისის თამბაქოს“. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების თანახმად, შპს „ფილიპ მორის საქართველოს“ და სს „ფილიპ მორის ეს.ეი“-ს სოლიდარულად დაკისრებული ჰქონდათ 92 მილიონამდე ლარის ზიანის ანაზღაურება სს „თბილისის თამბაქოს“ სასარგებლოდ, რაც სრულად გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლომ.
დღესვე სააპელაციო სასამართლომ „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედისა“ და შპს ,,თ & რ დისტრიბუშენის“ მიმართ დაკისრებული 100 მილიონ დოლარზე მეტი ჯარიმა გააუქმა.
29 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე დაინიშნა. ჩინჩალაძის კანდიდატურას მხარი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა.