ყალბი პლასტიკური ბარათებით უკანონოდ მოპოვებული თანხის განაღდებისთვის სამი ადამიანი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საერთაშორისო კიბერდანაშაულის ფაქტი აღკვეთეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაადგინა, რომ ნუგზარ მაჭარაშვილი, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების დახმარებით, ამზადებდა ყალბ პლასტიკურ ბარათებს, რომლებზეც უცხოეთის მოქალაქეთა "ამერიკან ექსპრეს ქარდის" პერსონალური ელექტრონული ინფორმაცია გადაჰქონდა. შემდგომში კი, ავთანდილ ჯიჯავაძის და ბადრი კვირიკაძის დახმარებით, თანხის განაღდებას თბილისში, სხვადასხვა კვების ობიექტებსა და ელექტროტექნიკის მაღაზიებში არსებული "საქართველოს ბანკის" სწრაფი გადახდის ტერმინალების მეშვეობით ახდენდნენ.

აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულნი არიან ნუგზარ მაჭარაშვილი, ავთანდილ ჯიჯავაძე და ბადრი კვირიკაძე.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც თავისუფლების 4-დან 7-წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.