ენგურის კაშხლის მიმდებარედ მუზეუმისა და ვიზიტორთა ცენტრის მოსაწყობად, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ შპს „ენგურის ტურისტული ცენტრი“ დააარსა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ ავრცელებს.
ფონდმა სოციალურ ქსელში ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც ასახულია თუ როგორი იქნება განახლებული ენგურის კაშხლის ტერიტორია.
„შპს „ენგურის ტურისტული ცენტრის“ მიზანია - წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარე ენგურის კაშხლის მიმდებარედ ტურისტული მუზეუმებისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის განხორციელება. დირექტორთა საბჭო 3 წევრისაგან შედგება. საბჭოს თავმჯდომარე „ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ წარმომადგენელი თორნიკე ყაზარაშვილი; საბჭოს წევრები არიან ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოდან ნიკოლოზ ანთიძე და შპს „ენგურჰესიდან“ ლევან მებონია,“-ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ცნობით, ენგურჰესის კაშხლის ინფრასტრუქტურა გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცესა და კაშხალზე ლიფტს მოიცავს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მაღალი ლიფტი იქნება. მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტი ათწლიანია.
ენგურჰესის თაღოვან კაშხალს 2015 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.