ორ საუკეთესო მეგობარს ქეთი დიდმანიძესა და გაგა მუმლაძეს ახალციხის რაიონში, სოფელ აწყურში შერეული მეურნეობა აქვთ, რომელიც მეფუტკრეობას, მებოსტნეობას მოიცავს. მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა, სირთულეებისა, მეგობრები აქტიურად აწარმოებენ მეურნეობას და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტსაც იღებენ. ქალბატონ ქეთის ყოველ კვირა უწევს თბილისიდან აწყურში გამგზავრება, თუმცა ამბობს, რომ იმდენად უყვარს საქმე, რომელსაც აკეთებს, რომ ეს დისკომფორტს არ უქმნის.
- 2015 წლის ოქტომბერში მე და ჩემი მეგობარი გაგა სალაშქროდ წავედით თუშეთში, რომელიც საქართველოში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მხარეა. აქ, დართლოში, კოშკიდან კარვისკენ მიმავალ გზაზე შეგვხვდა ასკილის ბუჩქი, რომელსაც ფუტკარი ეხვეოდა და დაიბადა იდეა, ჯერ ფუტკრის მოშენების, ხოლო შემდეგ - სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების. ოქტომბერში მიწები ვიქირავეთ და შევუდექით დამუშავებას. ამავე დროს, სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ იქვე იყიდებოდა სახლი, რომელიც შევიძინე. ვინაიდან უკვე მიწაც შემოგვემატა, გადავწყვიტეთ, კარტოფილისთვის ლობიო და სიმინდი შეგვემატებინა. საკმაოდ რთულია სოფლის მეურნეობა, მაგრამ ძალიან საინტერესო და რაც მთავარია, აზარტული. არაფერი შეედრება შეგრძნებას, როდესაც პატარა გაღივებული კარტოფილი პირველ ფოთოლს გამოისხამს, როდესაც ერთი მარცვალი ლობიო რამდენიმე პარკს გამოიბამს და იზრდება. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც ამ პაწაწინა სიხარულებს სარეველებისგან ათავისუფლებ და ხედავ, როგორ იმართებიან და უღიმიან მზეს. მადლიანია მიწა, რასაც მისცემ, ერთიორად გიბრუნებს უკან, მთავარია, ბალანსი დაიცვა და არ გააფუჭო არაფერი. სწორედ ამიტომ, ჩვენს პატარა კომპანიას ბარბალე ვუწოდეთ, ნაყოფიერების ქალღმერთის სახელი ქართულ მითოლოგიაში და ჩვენი დევიზია „ჩვენ ვაწარმოებთ ჯამრთელობას“.
- ფუტკარი მალევე შეიძინეთ?
- დიახ. მაისში, ფუტკრის ნაყრობის პერიოდში ორი ოჯახი შევიძინეთ, როგორც თავიდანვე ვგეგმავდით და პირველი წელი მოსინჯვით დავიწყეთ. რა თქმა უნდა, ეზოში ლამაზად გავანაწილეთ ნაკვეთები და ლამაზი ბოსტანიც მოვაწყვეთ.
- ალბათ ეს გზა არც ისე მარტივი იყო. რა სირთულეები შეგხვდათ?
- შარშანდელი წელი იყო ძალიან საინტერესო იმ მხრივ, რომ ბევრი რამე ვისწავლეთ, დავიწყეთ ნულიდან, შიშველი ხელებით და დიდი ენთუზიაზმით...
პირველი წელი ძალიან რთული იყო, გზადაგზა ვსწავლობდით ბევრ რამეს, გავწევრიანდით ელკანაში, ვეკითხებოდით ნაცნობებს, უცნობებს, ვნახულობდით ინტერნეტში და ვაჯერებდით ინფორმაციებს. ხელით ვებრძოდით სარეველებს და რომ ვერ მოვერიეთ, ბენზოცელი ვიყიდეთ და იმით შევუტიეთ.
- ალბათ მავნებლებიც მტრობენ თქვენს მოსავალს.
- სარეველების გარდა ყველაზე დიდი მავნებელი კოლორადოს ხოჭოა. როდესაც პირველად დავინახე ეს ზოლიანი მავნებელი, ისე მომეწონა, ფოტო გადავუღე და გაგას გავუგზავნე. რა ვიცოდი, ვინ იყო. გაგამ განგაში გამოაცხადა და იმ წამსვე დავრეკეთ აგრონომთან. აღმოჩნდა, რომ არსებობენ ქართული კომპანიები, რომლებიც ბიოპრეპარატებს აწარმოებენ არა მარტო მავნებლებთან საბრძოლველად, არამედ ბოსტნეულისა და ხილის ზრდის სტიმულირებისათვის. მოკლედ, მთელი ჩვენი ენერგია და ფიქრები მიწისკენ იყო მიმართული და ამ ყველაფერმა შედეგიც გამოიღო. ჩვენი უსასუქო კარტოფილი მართალია ცოტა მოვიდა, მაგრამ უგემრიელესი იყო და თვალის დახამხამებაში გავყიდეთ. ასევე ლობიოც, ერთი სახეობა დაგვრჩა სულ, როცა ოთხი გვქონდა და ცოტა სიმინდი, მესხური კაჟა, საიდანაც უგემრიელესი მჭადები ცხვება.
- ამ ეტაპზე რა სახეობის პროდუქტს აწარმოებთ?
- წელს კიდევ უფრო გავზარდეთ ჩვენი პროდუქტების ჩამონათვალი და ერთ-ერთ ნაკვეთზე, 1300 კვადრატულ მეტრზე დავრგეთ 3000 ძირი ბოსტნეული: სამი სახის პომიდორი, ორი სახის ბულგარული, ბადრიჯანი და სამწნილე წიწაკა. ასევე ეზოში მწვანე ბულგარული ლობიო და კიტრი მივამატეთ. ეხლახანს ხუთი ოჯახი ფუტკარი დავამატეთ და ამ გამრჯე მწერების მოვლასაც უკვე ჩვენით ვახერხებთ.
- საკმაოდ დიდი დრო უნდა თბილისიდან აწყურამდე ჩასვლას. რთული არ არის ამხელა გზაზე მეურნეობისთვის ყურადღების მიქცევა?
- გაგა აწყურში ცხოვრობს. მე კი ყოველ კვირა იქით ვარ. მიჭირს, მაგრამ როცა მიზანი გაქვს, წინ ვერაფერი გადაგეღობება.
- ფიზიკურადაც გიწევთ ალბათ მუშაობა. თქვენ რა სამუშაოებს ასრულებთ?
- ძირითადად ყველაფერს ერთად ვაკეთებთ, უბრალოდ არის რაღაც, რის გაკეთებასაც კაცის ძალა სჭირდება. ტექნიკასაც ვქირაობთ ხოლმე. ახლაც მივდივარ, 500 ძირი ბადრიჯანი ერთად უნდა დავრგოთ. ლობიოს დაკვალვა, კარტოფილის დათესვა ტრაქტორით ხდება, მაგრამ კარტოფილს ხელით ვთესავთ. ჩითილებს სულ ხელით ვრგავთ, თან თავიდან, როცა პაწაწუნაა ჭიქით, ვასხამთ წყალს. თოხნაში, გამარგვლაში, ბარვაში, დარგვაში, ანუ ყველა პროცესში ვიღებ მონაწილეობას.
ეს ყველაფერი ერთი წაკითხვით ძალიან მარტივი ჩანს, მაგრამ, ძალიან რთულია. ბევრ ძალას და ენერგიას მოითხოვს, ყველაფერი წინასწარ უნდა იყოს გათვლილი, დათესვა, გამარგვლა, მორწყვა, მიწის შემოყრა, დღეებსა და საათებზეა დამოკიდებული. ბუნებრივი მოვლენები უდიდეს გავლენას ახდენს ჩვენს საქმიანობაზე. მაგრამ ჩვენი ენთუზიაზმი და მონდომება ამ სირთულეების გადალახვაში გვეხმარება. ასევე დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენს მეგობრებს და ოჯახის წევრებს, რომლებიც ამ დაძაბულ პირობებში მაინც ახერხებენ დახმარებას და ამისათვის დიდი მადლობა მათ. ასევე ჩვენ ვეძებთ სხვადასხვა პროგრამებს, რომლებიც მცირე ბიზნესის მხარდაჭერაზე არიან ორიენტირებული.
მერი ბლიაძე