ძლიერი სეტყვის საშიშროებაა ახმეტის, გურჯაანის და თელავის მუნიციპალიტეტებში. როგორც კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის დასეტყვილია ქალაქი საგარეჯო და სოფელი გიორგიწმინდა. მისივე განცხადებით, ზარალის ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა აქტიურად მუშაობენ მუნიციპალური მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც ინფორმაციას გუბერნატორის აპარატს აწვდიან.
ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო სამხედო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრმა ”დელტამ” 30 რაკეტა ისროლა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, თუმცა მოგვიანებით საჰაერო ნავიგაციამ პროცესი გააჩერა. გუბერნატორის ინფორმაციით, რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში ღრუბლების განეიტრალების პროცესი მიმდინარეობს.
”ამჟამად “დელტას” სისტემა მუშაობს ახმატის, გურჯაანის და თელავის მუნიციპალიტეტებში, რადგან სეტყვის განსაკუთრებული საშიშროებაა. ფაქტობრივად ყოველ მესამე დღეს გვიწევს სეტყვათან ბრძოლა. ჯერჯერობით ზარალზე ვერაფერს გეტყვით. მუდმივი მონიტორინგი გვაქვს, რაიონებიდან მუდმივად ვაგროვებთ ინფორმაციას”, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.