ბოლნისია და დმანისის მუნიციპალიტეტებში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან.
ძლიერმა სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა. სეტყვა დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდა. ადგილობრივების ინფორმაციით, განადგურებულია 1500 ჰექტრამდე მარცვლეული კულტურები, დაზიანებულია 12 ჰექტარი ვენახი, ხეხილისა და კაკლის ბაღები.
ძლიერი სეტყვის შედეგად, ქალაქ დმანისის ნაწილი (ე.წ. სვანების დასახლება), სოფლები განთიადი, ჯავახი, დალარი, კიზილკილისა და კაკლიანი დაზარალდა. სეტყვა დმანისში 20 წუთი გრძელდებოდა. განსაკუთრებით დაზარალდა სოფელ ჯავახის მოსახლეობა, სადაც სეტყვამ მოსავლი თითქმის 100%-ით გაანადგურა.
ადგილობრივები სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ხელისუფლებისგან მოითხოვენ და აცხადებენ, რომ სტიქიამ ისინი პრაქტიკულად მოსავლის გარეშე დატოვა. ძლიერმა სეტყვამ მთლიანად გაანადგურა ვენახები, ბოსტნეული და მარცვლეული კულტურები, ხეხილი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული ზარალი განიცადეს ადგილობრივმა ფერმერებმა, რომელთაც მოსავალი დაზღვეული აქვთ. რაც შეეხება ადგილობრივ მოსახლეობას, სოფელ დისველის მცხოვრებლები სეტყვისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ხელისუფლებისგან ითხოვენ.