კომისიამ დაადგინა გონივრული და სამართლიანი ტარიფები და ამასთან მიმართებაში სადავო არაფერი უნდა იყოს , - ასე გამოეხმაურა სემეკის წევრი გოჩა შონია ”ინტერ-რაოს” გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, რუსული სახელმწიფო ენერგოჰოლდინგი საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო სასამართლოში უჩივის.
შონიას თქმით, სემეკი ტარიფებს არეგულირებს მოქმედი კანონმდებლობით, რაც ყველა ლიცენზიატისთვის ტარიფების დადგენას მეთოდოლოგიით ითვალისწინებს.
”ჩვენი პოზიცია უკვე გამოიხატა ჩვენს მიდგომებში. ”ინტერ-რაო” კომისიასთან მიმართებაში დავობს ტარიფების განაკვეთებთან დაკავშირებით. ტარიფებს ვარეგულირებთ მოქმედი კანონმდებლობით, რაც ყველა ლიცენზიატისთვის ტარიფების დადგენას ითვალისწინებს მეთოდოლოგიით. შესაბამისად, მიდგომები არის ერთნაირი. ამ მეთოდოლოგიით დავითვალეთ ”თელასის” ტარიფების ბალანსი, სადაც გათვალისწინებული იყო ყველა ის ხარჯი, რომელსაც ეწევა კომისია. ამავე დროს გათვალისწინებული იყო ლარის კურსის ცვლილებაც, რომელზეც დავობს კომპანია. ასე რომ, კომისიამ დაადგინა გონივრული და სამართლიანი ტარიფები და ამასთან მიმართებაში სადავო არაფერი უნდა იყოს”, - განაცხადა შონიამ.
რუსული სახელმწიფო ენერგოჰოლდინგი "ინტერ-რაო" საქართველოს ხელისუფლებასთან დავის გადაწყვეტას საერთაშორისო სასამართლოში აპირებს. დავის საგანი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უარის თქმაა ტარიფების გაზრდაზე.
"ინტერ-რაოს" ჯგუფი ადასტურებს ორი სარჩელის შეტანას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ", - ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, კომპანია ითხოვს ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდას, ასევე კომპენსაციის გადახდას, რომლის თანხა რამდენიმე ათეულ მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
"ინტერ-რაოს" სტრუქტურები,Silk Road Holdings B.V. და Gardabani Holdings B.V., დარეგისტრირებულები არიან ნიდერლანდებში და ფლობენ ქართული გამანაწილებელი კომპანია "თელასის" 75 %-ს და "ხრამი ჰესი 1"-ს და "ხრამი ჰესი 2-ს.