არჩევნების წინ პოლიტიკურმა არასტაბილურობამ თურქეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შესაძლოა შეამციროს

ბოლო დროს თურქეთში გაღვივებულმა კორუფციულმა სკანდალმა და მოახლოებულმა არჩევნებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაზე.

თუმცა, ქვეყნის საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI), როგორც მინიმუმ, შარშანდელ მაჩვენებელს მაინც მიაღწევს და 13,7 მილიარდი აშშ დოლარი იქნება.

“უცხოელი ინვესტორები მოელიან, რომ არჩევნების შემდეგ პოლიტიკური დაძაბულობა მოიხსნება. ამიტომ წელს დიდ ინვესტიციებს მოველით. გასაკვირი არ იქნება თუკი ისინი გასული წლის მონაცემს გადააჭარბებენ კიდეც,” - განუცხადა სააგენტო "ბლუმბერგს" თურქეთის ინვესტიციების მხარდაჭერისა და პრომოციის სააგენტოს (ISPAT) წარმომადგენელმა ილკერ აიჩიმ.

ის ადასტურებს, რომ ინვესტორების მხრიდან არაერთი კითხვა იყო ერდოღანის მიერ ქვეყანაში სოციალურ ქსელ "ტვიტერის" დაბლოკვასთან დაკავშირებით, თუმცა, მისი თქმით, ეს საკითხი ინვესტორების საინვესტიციო კრიტერიუმებს შორის 'განსაკუთრებული ღირებულებით არ გამოირჩევა'.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თურქეთს ამ ეტაპზე ძალიან სჭირდება, რათა დააფინანსოს გაზრდილი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გრძელვადიანი ვალდებულებების მეშვეობით. სარგებელი თურქეთის მთავრობის მიერ გამოშვებულ 10-წლიან ბონდებზე დოლარში, რომლებსაც ვადა 2023 წლამდე აქვთ გასული წლის მაისის შემდეგ 3.2 პროცენტიდან 5.5 პროცენტამდე გაიზარდა.

ვინაიდან 2006-2007 წლებში თურქეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 20 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ამჟამად ქვეყანას ყოველთვიურად 5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დასჭირდება ყოველთვიურად, რათა 2014 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს მოემსახუროს. გარდა ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, მიმდინარე წელს დაგეგმილი მშპ-ს 7.2 პროცენტიანი ზრდის ფონზე, თურქეთის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ალბათ ყველაზე დიდი იქნება სხვა განვითარებად ბაზრებთან შედარებით, უკრაინას თუ არ ჩავთვლით. დეფიციტი დეკემბერში წინა თვესთან შედარებით გაორმაგდა და 8.32 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

ამასობაში, პრმიერ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მინისტრთა კაბინეტის სამი მინისტრის ვაჟიშვილების დაკავების შემდეგ გამოძიება კორუფციაში ეჭვმიტანილთა დაკითხვის წრეს ფართოვებს, ხოლო ფდერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილება ბონდების შესყიდვის პროგრამის 85 მილიარდი დოლარით შემცირების შესახებ საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ სტაბილურობას ეკონომიკაში, რომელიც ერდოღანის 7 წლიანი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში 5 პროცენტით გაიზარდა. ერდოღანმა, რომელმაც სამთავრობო კორუფციის წინააღმდეგ წამოწყებულ ფართომასშტაბიან კამპანიას გადატრიალების მცდელობა უწოდა, უკვე ჩაანაცვლა თავისი 26 წევრიანი კაბინეტის 10 მინისტრი დეკემბრის თვეში, რამდენიმე დღის შემდეგ, რაც 17 დეკემბერს კორუფციული სკანდალი საჯაროდ გახმაურდა. ამასთან, არსებულ სიტუაციას ემატება ისიც, რომ თურქეთის მოსახლეობა მუნიციპალურ არჩევნებში საკუთარ არჩევანს 30 მარტს დააფიქსირებს.