გიორგი ვაშაძე უფასო სასადილოებზე - დაახლოებით 8 მლნ ლარს ყოველწლიურად იდებენ ჯიბეში “ქართული ოცნების” ლიდერები და მერიის მაღალჩინოსნები

ჩვენ გამოვავლინეთ, რომ უფასო სასადილოებში საკვები უხარისხოა და ხალხს მხოლოდ პური მიაქვს , - ამის შესახებ “ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ თბილისის მერიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც თბილისში უფასო სასადილოებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

ვაშაძის თქმით, ”ახალი საქართველოს” მონიტორინგის ჯგუფები თბილისის 20 უფასო სასადილოსთან იმყოფებიან და, როგორც ვაშაძემ განაცხადა, ზოგიერთ მათგანს სასადილოს მფლობელები არ უშვებენ.

პარტიის ლიდერის თქმით, უფასო სასადილოებში არის ცუდი საკვები და ასევე, გაფორმებულები არიან ”ვიღაც ბენეფიციარები”, რომლებიც არასდროს არ მიდიან იქ.

“ჩვენ კორუფციული სქემა გამოვავლინეთ, რომ მკვდარი სულები, ანუ ვიღაც ბენეფიციარები ჰყავთ გაფორმებული, რომლებიც არასდროს დადიან. საკვებია უხარისხო და ხალხს მხოლოდ პური მიაქვს. შესაბამისად, ჩვენი გათვლებით, დაახლოებით 8 მილიონ ლარს ყოველწლიურად იდებენ ჯიბეში “ქართული ოცნების” ლიდერები და მერიის მაღალჩინოსნები. პროკურატურაში საქმე აღძრულია, ჩვენ გვქონდა პროკურატურაში შეხვედრა, ახლა განმეორებით შეხვედრას მოვითხოვთ ამ მონიტორინგების შედეგად”, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, სამი მოთხოვნა აქვთ: პირველი მოთხოვნა არის, რომ კვების რეალური ფასი დადგინდეს; მეორე – დადგინდეს ბენეფიციარების რეალური რაოდენობა და არა მკვდარი სულების და მესამე მოთხოვნაა – გამოცხადდეს ხელახალი ტენდერი.

“ამ კომპანიებს, რომლებიც ფულს ნარმანიას და “ქართული ოცნების” საკრებულოს წევრებს უნაწილებენ, არ შეიძლება ჰქონდეთ კონტრაქტი”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, მის ფეისბუქ-გვერდზე არის პირდაპირი ჩართვები, სადაც ჩანს, თუ რომელ ლოკაციებზე უშვებენ და რომელ ლოკაციებზე არ უშევებენ მონიტორინგის ჯგუფებს.