საქართველოს ურთიერთობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ძალიან მნიშვნელოვანია. პროგრამა, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ვახორციელებთ, სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას; იმ რეფორმებს, რომელთა შესახებაც ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში განვაცხადეთ და იმ დაპირებებს, რომლებიც ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში გვქონდა. მათი იმპლემენტაცია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ტაო ჟანგთან შეხვედრის შემდეგ.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები, არჩილ მესტვირიშვილი და მურთაზ კიკორია. ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრები, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე, განხილული იყო მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმები, სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა და მისი მიმდინარეობა.