მექსიკური საავტომობილო კომპანია „ჯაიანტ მოტორსი“, რომელიც ნაწილობრივ მილიარდერ კარლოს სლიმს ეკუთვნის, წარმოებისთვის ელექტრულ ტაქსის ამზადებს, რომელმაც სრულად უნდა შეცვალოს შიდაწვის ძრავებით აღჭურვილი ტაქსები, რომელთა რიცხვიც მარტო მექსიკო სიტიში 130 000-ს აღწევს. როიტერის ინფორმაციით, ელექტრო ტაქსის პროექტზე მუშაობისას, „ჯაიანტ მოტორსს“ პარტნიორობას ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია „მოლდექსი“ და ოთხი დიდი მექსიკური უნივერსიტეტი უწევს. ამ ეტაპზე, ელექტრო ტაქსის სატესტო პროტოტიპები მუშავდება.
„ჯაიანტ მოტორს ლატინოამერიკას“ მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ელიას მასრი ამბობს, რომ პროტოტიპების შემუშავება წელს უნდა დასრულდეს. მისი თქმით, მექსიკო სიტის ტაქსების მუშაობის თავისებურება ისაა, რომ მძღოლებს ხშირად კლიენტის ძებნაში, არაერთი კილომეტრის უქმედ გავლა უწევთ. შესაბამისად, ელექტრო ტაქსის უნდა ჰქონდეს სწრაფად დამუხტვადი ელემენტების ბლოკი, რომელიც ენერგიას დიდხანს შეინარჩუნებს და ავტომობილს ერთი დამუხტვით დიდ მანძილს გაატარებს.
„ჯაიანტ მოტორსის“ (მისი აქციების 50 პროცენტი სლიმის ჯგუფს „გრუპო ფინანსიერო ინბურსას“ ეკუთვნის) და „მოლდექსისთვის“ ეს პირველი ერთობლივი პროექტი არ იქნება. მათ უკვე შეიმუშავეს მსუბუქი სატვირთო ელექტრომობილი, რომელიც 500 ცალი დაამზადეს კიდეც. ამ ელექტრომობილს 1 ტონა ტვირთის ტვირთამწეობა აქვს და ძალიან მოსახერხებელია ისეთი დიდი ქალაქისთვის, როგორიც მექსიკო სიტია.
მექსიკო სიტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაბინძურებული ქალაქია. მის ატმოსფეროში განსაკუთრებით მაღალი შემცველობითაა გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდები და ნახშირჟანგი (მხუთავი აირი). ჰაერში ამ ნივთიერებათა დიდი რაოდენობით გამოფრქვევას დიზელის აგრეგატები იწვევს. ამის გამო, ქალაქში 2025 წლამდე დიზელის ძრავებით აღჭურვილი ავტომობილების მოძრაობა აიკრძალება. ცნობისთვის, იგივე გეგმები აქვთ პარიზს, მადრიდს და ათენს.