ხულოში, სოფელ თხილვანაში მეწყერის შედეგად დაზარალებულ 28 ოჯახს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან 25 ათასი ლარი გადაეცა.
როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, დარჩენილ 32 ოჯახთან დაკავშირებით სახელმწიფო ინტენსიურად მუშაობს და მათი საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება. „სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები შესაბამისმა კომისიამ შეისწავლა და 28 ოჯახს დახმარება უკვე გაეწია. თანხა აჭარის მთვრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. თითოეულ ოჯახს 25 ათასი ლარი გადაეცა. თანხის მიზნობრიობასთან დაკავშირებით, აღნიშნულ ოჯახებთან, გამგეობა შესაბამის დოკუმენტს გააფორმებს. ხოლო დარჩენილ 32 ოჯახზეც არის მიღებული გადაწყვეტილება და ველოდებით ეკონიკის სამინისტროდან პასუხს“,- აცხადებს რამაზ ჯინჭარაძე.
ხულოში, სოფელ თხილვანაში მეწყერი ზამთარში ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივები განსახლებას ითხოვდნენ. სტიქიით მიყენებული ზარალი სამთავრობო კომისიამ შეისწავალა.