ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობი კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლები დატბორა. ხობის მუნიციპალიტეტი განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია, რომ ადიდებულმა მდინარემ ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში დატბორა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დააზიანა ბონდის ხიდი და საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილების პრობლემა შექმნა.
”უხვმა ნალექმა ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობის და ღელეების ადიდება გამოიწვია. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში დატბორა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დააზიანა ბონდის ხიდი და საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილების პრობლემა შექმნა. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე ეცნობიან მდგომარეობას. პრობლემურ ადგილებზე ასევე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხობის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომლები. ხობის მუნიციპალიტეტის ზარალის დამდგენი კომისია ადგილზე შეისწავლის არსებულ მდგომარეობას და დაადგენს ზარალის მოცულობას”, - ნათქვამია გამგეობის განცხადებაში.
ამათან, ადგილობრივების ინფორმაციით, მდინარე ხობი კალაპოტიდან გადავიდა და საჯიჯაოს-ბიის მონაკვეთზე სატვირთო მანქანა სავალი გზიდან გადაიტანა. სამაშველო სამსახურმა ოპერატიულად შეძლო მძღოლის გადარჩენა.