გეოპოლიტიკური რისკების გამო ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს გადაწყვეტილება მიიღო, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 4 % -ზე შეინარჩუნოს. მიზეზი კი ის გეოპოლიტიკური რისკებია, რომლებიც ჩვენს რეგიონში ბოლო პერიოდში გაიზარდა. შესაბამისად, შესაძლოა, მან ეკონომიკური გარემო გააუარესოს, რაც საქართველოს ეკონომიკაზე ექსპორტზე შემცირებული მოთხოვნით, ინვესტორთა განწყობითა და ფულადი გზავნილების შემცირებით აისახოს.

თუმცა, განაკვეთის შენარჩუნების მიუხედავად, კომიტეტში მიიჩნევენ, რომ არსებობს შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის საჭიროება, ”იმ დაშვებით, რომ ეკონომიკური აქტივობა განაგრძობს გაჯანსაღებას, ხოლო ინფლაცია უახლოვდება სამიზნე მაჩვენებელს”.

ეროვნულ ბანკის პროგნოზით, ინფლაცია 5-6 %-იან სამიზნე მაჩვენებელს 2014 წლის მეორე ნახევარში მიუახლოვდება. ”აღნიშნული განპირობებულია ერთობლივი მოთხოვნის მოსალოდნელი გაჯანსაღებით, ასევე ეფექტური გაცვლითი კურსის იმპორტირებულ ფასებზე გადაცემისა და ინფლაციაზე მოქმედი საბაზო ეფექტის აღმოფხვრით”, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

როგორც ქვეყნის მთავარ ბანკში აცხადებენ, გასული წლის მეოთხე კვარტალიდან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უმჯობესდება, ინფლაციის დონემ თებერვალში 3.5% შეადგინა, წინასწარი ინდიკატორები წლის დასაწყისშიც ეკონომიკური აქტივობის ზომიერ ზრდაზე მიუთითებს. ”საქსტატის შეფასებით, ეკონომიკური აქტივობის წლიურმა ზრდის ტემპმა იანვარში 7.8% შეადგინა. მიმდინარე მონაცემებით, დადებითი ტენდენციები ნარჩუნდება ასევე საგარეო მოთხოვნის მხრიდან, რაც აისახება ექსპორტის ზრდაზე”, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი ეროვნულმა ბანკმა 0.25%-ით გაზარდა. ზრდის შემთხვევა 2011 წლის იანვრის შემდეგ არ დაფიქსირებულა. მომდევნო სხდომა კი 2014 წლის 7 მაისს გაიმართება.