კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ივნისის ბოლომდე დაიწყება
ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღება ევროკავშირის რეკომენდაციაა. თუკი საქართველო ამ კანონს მიიღებს, ეს უნდა მოხდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების მიხედვით. მთავრობა მიიჩნევს, რომ დემპინგთან ბრძოლა ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ინვესტორების შემოსვლას შეუწყობს ხელს. უკვე გადაწყდა, რომ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ივნისის ბოლომდე დაიწყება და კანონის მიღების შემდეგ დემპინგი უკანონო ქმედებად ჩაითვლება. როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა, რომან კაკულიამ განაცხადა, საკანონმდებლო ორგანოში უკვე მიმდინარეობს მუშაობა საბოლოო ფორმატის ჩამოყალიბებაზე. მისი თქმით, მათ უკვე მიმართეს დონორ ორგანიზაციებს, მათ შორის ევროკავშირს, რომ კანონპროექტის განხილვაში ყველა მხარე მაქსიმალურად იყოს ჩართული.
ოპოზიციონერი პარლამენტარები ამ კანონის მიღებას საჭიროდ არ მიიჩნევენ. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ეს კანონი ზედმეტი რეგულირება იქნება.
"ანტიდემპინგური კანონი ჩვენს სასიკეთოდ არ იმუშავებს, რადგან ქვეყანაში დაიწყება საქონლის ბიუროკრატიული კონტროლი. აღნიშნული კანონი კორუფციის წყარო გახდება, რაც კიდევ უფრო გააძვირებს საქონელს. ჩემი აზრით, კანონპროქეტის ინიციატორები ქვეყნის ინტერესებზე კი არ ზრუნავენ, რეალურად, თავიანთი ბიზნესის დაცვას ცდილობენ. შეგახსენებთ, რომ შევარდნაძის პერიოდშიც დიდი საბაჟო ბარიერები გვქონდა, მაგრამ სოფლის მეურნეობა და ეკონომიკა დაქცეული იყო. ეკონომიკას ბარიერები კი არ შველის, არამედ პირიქით, ბარიერების გახსნა და ინვესტიციების მოზიდვა. ამის კარგი მაგალითია კვერცხის ბაზარი, რომლის 90% ამ რამდენიმე წლის წინ თურქული იყო. დღეს კი, კვერცხის ბაზრის 100 პროცენტი ქართულია. ეს იმის ბრალია, რომ მაღალი ხარისხით და ტექნოლოგიებით აღჭურვილი კარგი საწარმოები შეიქმნა. როდესაც გაუქმდა საბაჟო გადასახადები ევროპასთან, დსთ-ის ქვეყნებთან, თურქეთთან, მალე შესაძლოა, ჩინეთთანაც გაუქმდეს, მსგავსი კანონების მიღება რაღა საჭიროა?", - აღნიშნავს რომან გოცირიძე.
ანტიდემპინგური კანონმდებლობის შესახებ ეკონომისტებსაც განსხავავებული მოსაზრებები აქვთ. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ავთო სილაგაძე მიიჩნევს, რომ ასეთი კანონის არსებობა ქვეყანაში აუცილებელია.
"ჩემი აზრით, ანტიდემპინგური კანონმდებლობა ქვეყანას უნდა ჰქონდეს, რადგან დემპინგი კონკურენციის ხელისშემშლელი სერიოზული ფაქტორია. მართალია, დემპინგის შემთხვევაში შეიძლება მომხმარებელმა რაღაც პროდუქტი ნაკლებ ფასში შეიძინოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ის მაინც წააგებს. მოგეხსენებათ, დემპინგური პროდუქცია დაბალ ფასში იყიდება, ეს კი შეიძლება ხარისხის ხელშემშლელი ფაქტორი იყოს. ყველაფერი თავისუფალი კონკურენციის კანონებს უნდა ეყრდნობოდეს, რასაც ამ კანონმდებლობის არარსებობა ხელს უშლის. აქედან გამომდინარე, ეს კანონი ისევე საჭიროა, როგორც ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, ორივე ერთად უნდა მუშაობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში არსებული ოლიგოპოლიური სტრუქტურები სულ უფრო მეტ ნიადაგს ქმნიან იმისთვის, რომ მომხმარებელმა რაც შეიძლება მეტი ფასი გადაიხადოს. თუ გვინდა თავისუფალი ეკონომიკა გვქონდეს, ეს კანონმდებლობა უნდა არსებობდეს. მსგავსი კანონმდებლობა განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებშიც აქვთ, რადგან ის აუცილებელია", - ამბობს ავთო სილაგაძე.
„ანტიდემპინგური კანონმდებლობა ჩვენს პირობებში არ გაამართლებს“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი მაკალათიამ.
"ამ კანონის მომხრეები თავიანთი პოზიციიდან ლაპარაკობენ. მისი მიღება ადგილობრივ კომპანიებს სურთ, რომ უცხოური კომპანიებისგან თავი დაიცვან. ანტიდემპინგური კანონი ქართულ ბაზარზე არაკონკურნეტულ გარემოს შექმნის და მომხმარებელი წაგებული დარჩება. წარმოიდგინეთ: ბაზარზე შემოდის უცხოური კომპანია და ჩვენ მას ვეუბნებით, რომ პროდუქცია ადგილობრივ ფასზე ნაკლებად არ შემოიტანოს, ისიც იძულებული გახდება აქაური თამაშის წესები მიიღოს და თავისი პროდუქცია ძვირად გაყიდოს. საბოლოოდ ბაზარზე დარჩებიან ადგილობრივი კომპანიები, რომლებიც მომხმარებელს უხარისხო პროდუქტს შესთავაზებენ, თანაც, საკმაოდ ძვირად. ეს ხელს აძლევს მხოლოდ ადგილობრივ მწარმოებლებს, რომლებსაც კონკურენციისა ეშინიათ", - აღნიშნავს ირაკლი მაკალათია.
მისი აზრით, ამ შემთხვევაში ბაზარზე ის ფასი იქნება, რომელსაც ადგილობრივი მწარმოებლები დააწესებენ.
"კანონპროექტის მიღება უარესობისკენ შეცვლის სიტუაციას: გაზრდის მონოპოლიის დონეს ქვეყანაში, მოიმატებს ფასები და უხარისხო პროდუქცია, რადგან ადგილობრივ კომპანიებს არ ეყოლებათ კონკურენტი უცხოური კომპანიების სახით. კიდევ უფრო გაიზრდება მონოპოლისტური კომპანიების წილი ბაზარზე. ყველაზე უფრო მტკივნეულად ეს პროცესი სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე აისახება იმიტომ, რომ თურქეთიდან შემოსული პროდუქცია ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ არის სუბსიდირებული და უფრო იაფია. როგორ, მათ ავუკრძალოთ პროდუქციის დაბალი ფასით შემოტანა და ჩვენი მოსახლეობა შიმშილისთვის გავწიროთ? თუ იაფფასიან იმპორტირებულ პროდუქციას შევზღუდავთ, მომხმარებელს პროდუქტი გაუძვირდება. თუ გვინდა სოფლის მეურნეობა განვითარდეს, მიწა მოქალაქეების ხელში უნდა გადავიდეს და გლეხებს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ თვითონ აწარმოონ დაბალი თვითღირებულების პროდუქტი. ქართველმა ფერმერმა ფასითაც და ხარისხითაც ღირსეული კონკურენცია უნდა გაუწიოს უცხოურ პროდუქციას - აქეთკენ უნდა წავიდეთ და არა - რეგულირების გამკაცრებისკენ“, - აცხადებს ირაკლი მაკალათია.
ხათუნა ჩიგოგიძე