საქართველოში შვედური კომპანიის წარმომადგენლობა გაიხსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვაინო რეინარტმა შვედური კომპანიის HYDROSCAND წარმომადგენლობა გახსნეს.

შოუ-რუმის დათვალიერების შემდეგ, სტუმრებმა ჰიდრავლიკური მილის აღდგენაში მიიღეს მონაწილეობა. წარმომადგენლობის გახსნის ცერემონიას ასევე დაესწრო ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, პრიიტ ტურკი.

"მივესალმები საქართველოში კომპანია HYDROSCAND-ს შემოსვლას. ესაა შვედური კომპანია, რომლის ჯამური წლიური ბრუნვა 190 მილიონი ევროა. მას 124 ფილიალი გააჩნია ევროპის და მსოფლიოს მასშტაბით. კომპანია ქართველ მომხმარებლებს შესთავაზებს ხარისხიან სერვისს და ხარისხიან პროდუქტებს. მიუხედავად იმისა, რომ მას საკმაოდ სპეციალიზირებული სერვისები და პროდუქტები გააჩნია, იმ ვიწრო ჭრილში, რასაც ჰიდრავლიკური მიმართულება ჰქვია, ამ კომპანიის შემოსვლა არის მისასალმებელი, მით უმეტეს, რომ შვედეთთან ჩვენი სავაჭრო ბრუნვა დღითიდღე იზრდება და კიდევ ერთი კომპანიის დამატება უფრო გააღრმავებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას", - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შვედური კომპანია ევროპული ბაზრის ლიდერია ჰიდრავლიკური კომპონენტების დამზადება-რეალიზაციაში. მას წარმომადგენლობა აქვს გახსნილი მსოფლიოს 17 ქვეყანაში. კომპანიის გაფართოება სამხრეთ კავკასიაში საქართველოდან დაიწყო. თბილისის შემდეგ, HYDROSCAND-ი სავაჭრო ცენტრებს ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გახსნის.