მიუხედავად იმისა, რომ იაფი სეზონი დაიწყო, საქართველოში ყველა სიძვირეზე საუბრობს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ინფლაციის მაღალმა მაჩვენებელმა, აქციზის ხელოვნურმა გაძვირებამ და გაზის ტარიფის მატების მოლოდინმა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ძვირი ზაფხული განაპირობა. სპეციალისტებს ვითარების გამოსწორების შანსი უახლოეს თვეებში არ აქვთ.
შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში ასეთი ძვირი ზაფხული მომხმარებელს არ ახსოვს. გაზაფხულის მიწურულს, როგორც წესი, იაფდება სოფლის მეურნეობის პროდუქტები და სხვა სეზონური საქონელი, რაც წელს არ მომხდარა. მეტიც, ზოგიერთ პროდუქტზე ფასი შარშანდელთან შედარებით, თვალში საცემად მომატებულია. მთავარი მიზეზი ინფლაციის მაჩვენებელია, რომელიც 2017 წელს 4% უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაისში უკვე 6,6%-ს მიაღწია. კიდევ უფრო მაღალია ინფლაცია კონკრეტულად პირველადი მოთხოვნილების საქონელზე.
სამომხმარებლო პრდუქციის გაძვირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საწვავზე აქციზის გადასახადის ხელოვნურმა მატებამ, რაც ჯერ კიდევ წლის დასაწყისში მოხდა და ნახტომისებური გაძვირება გამოიწვია.
ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. დღე-დღეზე გაიზრდება ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი, შესაბამისად, მოსალოდნელია პურ-ფუნთუშეულსა და ყველა იმ პროდუქტციაზე ფასის გაზრდა, რომელთა საწარმოებლად გაზი აუცილებელია.
ზაფხულში ასეთი სიძვირე მოსახლეობაში მომავალი ზამთრის შიშს აჩენს. როცა იაფ თვეებში მაღალი ფასებია, ძნელი გამოსაცნობი არ არის, რა იქნება 5-6 თვის შემდეგ.
გიორგი ვაშაკიძე ვაჟა-ფშაველას გამზირზე ხილ-ბოსტნეულის მაღაზიის მფლობელია. იგი უკვე მრავალი წელია ამ საქმინაობით არის დაკავებული და ზაფხულის დასაწყისში ასეთი მაღალი ფასი არ ახსოვს.
"საქონლის "ასაღები ფასი" იმდენად მაღალია, მინიმალურ თანხას ვამატებ პროდუქტს, რომ კლიენტი არ დაფრთხეს, მაგრამ მაინც ძვირი გამომდის. როდესაც ზაფხულში ეს ფასია კარტოფილზე და ბოსტნეულზე, ზამთარში რა იქნება? ხალხს არ აქვს ყიდვის საშუალება. 2-3 წლის წინ ერთბაშად 4-5 კილოს ყიდულობდნენ და იმარაგებდნენ, ახლა თითო კილოთი შემოიფარგლებიან.
ყველაფერი გაძვირებულია ამინდისა და საწვავის მაღალი ფასის გამო. სავარაუდოდ, კიდევ გაგრძელდება ფასის ზრდა. ახლა არ მაქვს ნორმალური ვაჭრობა და მერე წარმოდგენაც კი მიჭირს, რა იქნება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" გიორგი ვაშაკიძემ.
არასახარბიელო ვითარება მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით არის გამოწვეული. აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი ქვეყანაში არსებულ აგფლაციაზე (სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაძვირება) საუბრობს. როცა ზაფხულში ასეთი სიძვირეა, ქვეყანას ძალიან მძიმე ზამთარი ელის.
"აქციზის განაკვეთის გაზრდის გამოცხადებისთანავე მთავრობამ დაიწყო მტკიცება, რომ ეს მხოლოდ ნავთობპროდუქტების გაძვირებას გამოიწვევდა და სხვაზე არაფერზე იმოქმედებდა, რაც, რა თქმა უნდა, მაშინვე არავინ დაიჯერა. საბოლოოდ, ასეთმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მიგვიყვანა აგფლაციამდე.
გლეხს, რომელსაც ჩამოაქვს თავისი პროდუქცია დედაქალაქში, აღარც გარე ვაჭრობის შესაძლებლობა აქვს და არც ბაზარში დგომის საშუალება. ამიტომ პირდაპირ გადამყიდველებთან უწევს ურთიერთობა. ამის გამო უშუალოდ მომხმარებლამდე ბევრად ძვირად მიდის საკვები.
მთავრობა ჯერ მოქმედებს და შემდეგ ფიქრობს. როცა ზაფხულში ფასები ასეთი მაღალია, ძალიან მძიმე ზამთარს უნდა ველოდოთ", - განაცხადა პაატა კოღუაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება არ უსმენს ფერმერებს და მეურნეობის შესახებ გადაწყვეტილებას ის ხალხი იღებს, რომლებიც სოფელშიც კი არ არიან ნამყოფი.
"გაძვირებულია ძირითადი სასურსათო პროდუქტი - ხორცი, უამინდობის და სეტყვის გამო, რა თქმა უნდა, ფასები კიდევ მეტად გაიზრდება. თუკი რამე გადარჩა, საოცრად ძვირი ეღირება. საჭიროა, დაზღვევა საგაზაფხულო ყინვებსაც შეეხებოდეს. ამით გაუიოლდება გლეხს საქმიანობა, ხოლო მომხმარებელი მიიღებს იაფ პროდუქტს.
რა თქმა უნდა, ახლაც კი შეიძლება ვითარების შემობრუნება, მაგრამ ამისათვის აუცილებელია სწორი გადაწყვეტილების მიღება, რისი უნარიც ხელისუფლებას, სამწუხაროდ, არ გააჩნია", - აცხადებს პაატა კოღუაშვილი.
ეკონომიკის დოქტორი პაატა აროშიძე ამბობს, რომ საქართველო ძირითადად თურქული პროდუქციის გასაღების არეალია, მწირი და ძვირი ქართული პროდუქცია კი მას კონკურენციას ვერ უწევს.
"ჩვენ თურქული პროდუქციის გამსაღებელი ქვეყანა ვართ და იმპორტირებული პროდუქციის იმედად უნდა ვიყოთ ამ ზამთარშიც. მაღალი ფასის გარდა, ქართული აგრარული პროდუქტი დეფიციტურიც იქნება. უამინდობისა და სტიქიის გამო ადგილობრივი საქონელი იმპორტირებულს კონკურენციას ვერ გაუწევს.
ძალიან ძვირი ზახულია. თითქოს ამ პერიოდში სამომხმარებლო ბაზარზე სიიაფე უნდა იყოს, მაგრამ ეს არსად იგრძნობა. არსებობს მოლოდინი, რომ მომავალი თვიდან გაზიც გაძვირდება, რაც პურპროდუქტებზე ფასის ზრდას გამოიწვევს. დიდი იმედი მაქვს, რომ ადგილობრივი არჩევნების წინ ხელისუფლება მოსახლეობას არ გააღიზიანებს და ბუნებრივ აირს არ გააძვირებს, მაგრამ ეს მხოლოდ იმედის ნაპერწკალია.
სამწუხარო ისაა, რომ ფასების ზრდა ყველაზე მეტ პრობლემას საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე მოსახლეობას შეუქმნის. ღარიბი კიდევ უფრო გაღარიბდება, საშუალო ფენა სიდუხჭირეს იგრძნობს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" პაატა აროშიძემ.
თამუნა მუკბანიანი
გაზეთი "რეზონანსი"