ბიზნესმენი, რომლის გატაცებისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით თბილისსა და წეროვანში 4 პირი დააკავეს, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებელი გივი ჯიბლაძეა. ამის შესახებ ინფორმაციას ”რუსთავი2 ” ავრცელებს.
სამშენებლო კომპანია ”სვეტის” დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე ყვება, რომ ის სახლიდან გამოსვლის დროს გაიტაცეს. ბიზნესმენის თქმით, ოთხმა გამტაცებელმა, რომელიც მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა, თავზე ტომარა ჩამოაცვა და ერთ-ერთ ავტოსადგომზე გადაიყვანა. ჯიბლაძის თქმით, გატაცებას წინ უძღვოდა დაპირისპირება მოქანდაკე ზურაბ წერეთლის კომპანიის წარმომადგენლებთან. ”რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, ჯიბლაძე ვარაუდობს, რომ სწორედ ამ კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა გაიტაცეს, თუმცა ბიზნესმენი ამბობს, რომ თავად ზურაბ წერეთელი არ იყო ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული.
გივი ჯიბლაძის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მის კაბინეტში სროლაც იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სასამართლო განჩინების საფუძველზე, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ლ.ჩ., 1977 წელს დაბადებული დ.ბ., 1973 წელს დაბადებული ნ.ბ. და 1980 წელს დაადებული ნ.კ. გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ერთ-ერთ ბიზნესმენს 150 000 აშშ დოლარს სძალავდნენ და თავისი კუთვნილი 200 კვ.მ ფართის მათზე გადაფორმებას სთხოვდნენ.
”ამ მიზნით, ბრალდებულებმა ბიზნესმენს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ და თანხის გადახდის პირობის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
სამართალდამცველებმა ლ.ჩ. და ნ.ბ. თბილისში, ხოლო დ.ბ. და ნ.კ. მცხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. გამოძიება გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.