გურამ რჩეულიშვილმა პროკურატურას მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმების საბოლოო პირობები შესთავაზა

"ცენტრ პოინტ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილმა პროკურატურას ის საბოლოო პირობები შესთავაზა, რის საფუძველზეც მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს. ამის შესახებ თავად გურამ რჩეულიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პირობები თავმოყრილია სამოქმედო გეგმაში, რომელიც განხორციელების რამდენიმე ვადას და ვარიანტს მოიცავს.

მისივე თქმით, დოკუმენტში მოცემულია კონკრეტული გარანტიები და ვადები, თუ რა როდის უნდა განხორციელდეს.

"ჩვენ პროკურატურას შევთავაზეთ სამუშაო გეგმა, რომელიც მოიცავს ყველა ობიექტის დამთავრებას. ეს სამუშაო გეგმა ეხება რამდენიმე მიმართულებას. შიგნით ჩადებულია გარანტიები, მოცემულია ასევე ვადები და მითითებულია წყაროები, თუ საიდან შეიძლება იყოს მობილიზებული რესურსები. რამდენად მალე ჩაერთვება ახლა ამ პროცესში სახელმწიფო და რამდენად დაიცავს ჩვენს ინტერესებს, მით უფრო ჩქარა დასრულდება დაზარალებულთა დაკმაყოფილება. ახლა გვჭირდება სახელმწიფოს დახმარება. ჩვენ მზად ვართ, ჩვენი აქტივები მოვახმაროთ ამის დამთავრებას. შეთავაზებული გეგმები რამდენიმე ვარიანტს მოიცავს, თუ როდის უნდა დასრულდეს გეგმის გამხორციელება", - განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.

კითხვაზე, რა დახმარებას ელის სახელმწიფოსგან, გურამ რჩეულიშვილმა აღნიშნა, რომ ეს დახმარება ბევრი კომპონენტისგან შედგება, მათ შორის ფინანსურისგან და ასევე ქონებაზე ყადაღის მოხსნისგან.

"ჩვენი წინაპირობაა - გარანტიების შესწავლის შემდეგ მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის გათავისუფლება და შემდეგ უკვე არჩეული გეგმის განხორციელების დაწყება", - განაცხადა რჩეულიშვილმა.