ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს მიმზიდველობა უცხოური ინვესტიციებისათვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო კონფერენცია "ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან - პერსპექტივები და შესაძლებლობები" გახსნა საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში".

მისი განმარტებით, ქართულ მხარეს სჯერა, რომ ამ საქმეში სათანადო მხარდაჭერას მოიპოვებს ევროკავშირის მხრიდან.

"ჩვენ მივესალმებით ვილნიუსის სამიტზე გახსნილ ახალ შესაძლებლობებს, მაგრამ ამავე დროს კარგად გვესმის ის გამოწვევები, რომლებიც ამ პროცესს ახლავს თან და მზად ვართ გადავლახოთ ეს სირთულეები. ამისათვის წამოვიწყეთ მთელი რიგი რეფორმები და დავსახეთ ღონისძიებები, რომლებიც აისახა საქართველოს მთავრობის პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო მზად არის განახორციელოს თანამიმდევრული რეფორმები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში, რათა ქვეყანამ მიიღოს მაქსიმალური სარგებელი. მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი და მდიდარი ბაზრის - ევროკავშირის ბაზრის წვდომა მძლავრი იმპულსი იქნება ქართული ბიზნესის, ადგილობრივი წარმოების, ექსპორტის დივერსიფიცირებისა და განვითარებისთვის. მჯერა, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს მიმზიდველობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი ტექნოლოგიებისა და ნოუ-ჰაუს შემოსვლას, კონკურენტუნარიანი ადგილობრივი პროდუქციის გაჩენის სტიმულირებასა და სამუშაო ადგილების შექმნას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ამ შეთანხმების ხელმოწერით, საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, ითანამშრომლოს ევროპის ქვეყნებთან ისეთ საკითხებში, როგორიცაა მდგრადი განვითარება, ტრანსპარანტულობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული ენერგეტიკის საკითხები.

"მომსახურების, ვაჭრობის სფეროში კანონმდებლობის დაახლოება შესაძლებლობას იძლევა, განხორციელდეს მომსახურების ბაზრების შემდგომი ლიბერალიზაცია, რაც ითვალისწინებს ქართული კომპანიებისათვის ევროკავშირის შესაბამის ბაზრებზე დაშვების უკეთესი პირობების მიღებას. მიუხედავად იმისა, რომ არ იქნება ადვილი ევროკავშირში მოქმედი რეგულაციების საქართველოში დანერგვა, აღნიშნული პროცესი იმ სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციისათვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომლებიც სავაჭრო პოლიტიკის საკითხებში არიან ჩართული. ეტაპობრივად უნდა მოხდეს მათი ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება, რაც ხელს შეუწყობს უფრო პროგნოზირებადი ეკონომიკური და ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას. იმედს გამოვთქვამ, რომ როგორც ქართული, ისე საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებები სათანადოდ გამოიყენებენ ამ ახალ რეალობებს. და რაც ყველაზე მთავარია, ეს სიკეთესა და კეთილდღეობას მოუტანს როგორც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, ისე ქართულ ბიზნესს," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან თქვა, რომ მთავრობა მზად არის უფრო ინტენსიურად გააგრძელოს რეფორმების გატარება და შექმნას მყარი საფუძველი ასოცირების შესახებ შეთანხმების განსახორციელებლად.

ამასთან, ჩვენ მზად ვართ, დროულად დავასრულოთ "ასოცირების დღის წესრიგის" შემუშავება. გვჯერა, რომ ამ საქმეში სათანადო მხარდაჭერას მოვიპოვებთ ევროკავშირის მხრიდან", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს დღევანდელი ამოცანა ასოცირების შესახებ შეთანხმების დროული ხელმოწერაა.

"მე ახლახან დავბრუნდი ევროპიდან, სადაც შეხვედრები მქონდა ბატონ ბაროზოსთან და ბატონ რომპუისთან. მათ ჩემთან საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოაწერს არაუგვიანეს ივნისის თვისა. სულ მალე, ივნისის თვეში დადგება ის დრო, რომელსაც ასე ელის ქართველი ხალხი - საქართველო ხელს მოაწერს თავის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებას. ჩვენი მხრივ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად", - განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.