მადრიდის პროკურატურამ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელს კრიშტიანუ რონალდოს გადასახადების დამალვის გამო ბრალი წაუყენა. ბრალდების თანახმად, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 2011-2014 წლებში სახელმწიფო ხაზინაში 14,7 მილიონი ევრო არ გადაიხადა.
მადრიდის პროკურატურის განცხადებით, კრიშტიანუ რონალდომ 2010 წელს შექმნილი სააქციო საზოგადოების ტიპის სტრუქტურა გამოიყენა, რათა ესპანეთში მიღებული მოგება დაემალა.
გასული წლის დეკემბერს გერმანულმა „შპიგელმა“ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მადრიდის "რეალისა" და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო ეჭვმიტანილია 150 მლნ ევროს ოდენობის გადასახადების დამალვაში.
ამ გერმანული გამოცემის ჟურნალისტები 12 ევროპული გამოცემის გაერთიანებაში შედიან, რომლის მიზანი თანამედროვე ფეხბურთში უკანონო ფინანსური საქმიანობის გამომზეურებაა.
წყაროს ცნობით, რონალდომ, აგენტ ჟორჟე მენდეშის სქემით, 150 მლნ ევროს ოდენობის გადასახადები შვეიცარიასა და ბრიტანული ვირჯინიის კუნძულებზე, ოფშორული ზონების მეშვეობით დამალა.