თვეზე მეტია, რაც ქართველების მიერ მოგზაურებისთვის შექმნილი მობილური აპლიკაცია - ხელმისაწვდომია.
როგორც პროექტის ავტორმა გუჯა ნარიმანაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, აპლიკაცია მოგზაურთა ტურისტული გზამკვლევი იქნება როგორც საქართველოში, ისე ევროპის ქვეყნებში.
„TravelGuideapp ეს არის 3 ენოვანი (ქართული,ინგლისური,რუსული) აუდიო გზამკვლევი, რომლის საშუალებითაც მოგზაურს ადგილობრივ ძეგლებზე ინფორმაციის მიღება, სასურველი საფეხმავლო მარშრუტების შერჩევა და სხვადასხვა ტურისტული ობიექტის (კვების, ისტორიული, რელიგიური მნიშვნელობის თუ ა.შ.) მოძიება შეუძლია. აპლიკაციაში ჩაწერილია ინფორმაცია ობიექტების ისტორიული მნიშვნელობის, არქიტექტორის, ფუნქციების შესახებ და ა.შ.
ამასთან, ჩვენი მობილური აპლიკაციით ადამიანს შეუძლია აუდიო ტურის მოსმენა მუზეუმებშიც. ამ ეტაპზე ამ სერვისით სარგებლობა მხოლოდ ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია შესაძლებელი, თუმცა, ვაპირებთ სხვა მუზეუმშიც დავნერგოთ. გარდა ამისა, პროგრამაში რუკაც არის დატანილი და სასურველი ინფორმაციის მოძიება-მოსმენა ადგილზე მიუსვლელად, სხვა ქვეყნიდანაც არის შესაძლებელი. რაც ადამიანს მარშრუტის წინასწარ შედგენის საშუალებას აძლევს“, - აღნიშნავს პროექტის ავტორი.
მისი თქმით, აპლიკაციის შექმნის იდეა პირველად 2015 წელს გაუჩნდა და გუნდთან ერთად, იდეის განხორციელება საკმაოდ სწრაფად შეძლო.
„დიდი ხანია ტურისტულ ბიზნესში ვარ. მქონდა ხმის ჩამწერი სტუდია და მარკეტინგის კუთხითაც მიმუშავია. ამიტომ მინდოდა ეს სამივე მიმართულება გამეერთიანებინა და მომხმარებლისთვის ახალი პროდუქტი შემეთავაზებინა. იდეა პირველად 2015 წელს ორგანიზაციაში „სტარტაპ მარანი“ გავაჟღერე. სადაც პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა. რის შემდეგაც შემოვიკრიბე გუნდი, ვისთან ერთადაც პროექტის განხორციელება დავიწყეთ. შემდეგ იყო უკვე ჯეოლაბი და ტექნოპარკის ბიზნეს ინკუბატორი. აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია მხოლოდ თვეზე მეტია რაც ხელმისაწვდომია და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ოფიციალური პრეზენტაციაც არ ყოფილა, უკვე 1 000-მდე გადმოწერა აქვს“, - აღნიშნავს გუჯა ნარიმანაშვილი.
ამ ეტაპზე აუდიოგიდის აპლიკაციის მთავარი გეოგრაფია მხოლოდ თბილისია. აპლიკაციაში შესულია თბილისის 90-მდე ობიექტი და ეს სია დღითიდღე იზრდება. რაც შეეხება ობიექტებს, მომხმარებელს აუდი გიდის მოსმენა შეუძლია აბანოთუბანის, ნარიყალას ციხის, სიონის, ქაშუეთის, მეტეხის ტაძრის, მამადავითის, ეროვნული მუზეუმის, ძველი მერიისა თუ სხვა ობიექტების შესახებ.
"დაწყებულია მუშაობა არეალის გაფართოებაზე. თბილისის შემდეგ პირველ რიგში ვამატებთ ბათუმს, რომლის შესახებაც ინფორმაციის მოძიება ივლისიდან იქნება ხელმისაწვდომი. ასევე გეგმაში გვაქვს, ჩვენი აპლიკაცია საქართველოს ფარგლებს გასცდეს. ევროპის ქალაქებიდან პირველი იქნება რომი, რომლის ჩაწერაც მოხდება, ასევე აუცილებლად იქნება პარიზი და ვარშავა“, - აღნიშნავს აპლიკაციის პროექტის ავტორი.
აპლიკაციის ჩამოწერა არის უფასო და აუდიოგიდის მოსმენა ყველას შეუძლია.
პროექტის განსახორციელებლად ავტორებმა მხარდაჭერა სტარტაპების ხელშემწყობი სხვადასხვა ორგანიზაციისგან მიიღეს, თუმცა ძირითადი სახსრები იყო გუნდის, რომელიც ამ პროექტის განხორციელებაზე მუშაობდა.
თაია არდოტელი