წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია მომავალ წელს დასრულდება და 25 მლნ ლარი დაიხარჯება.
2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული წყნეთი სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაციის თემაზე დღეს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ კონფერენცია გაიმართა, კონფერეციის ორგანიზატორები არიან მუნიციპალური განვითარების ფონდი“ და შპს „კავკასუს როუდ პროჯექტი“.
ღონისძიებას გარემოს ეროვნული სააგენტოსა და სხვა აკადემიური წრეების წარმომადგენელები ესწრებოდნენ - გეოფიზიკოსები, გეოინჟინრები და გეოლოგები. ასევე, გერმანიიდან, ავსტრიიდან, იტალიიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან მოწვეული სპეციალისტები. ასევე, წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაციის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიის „კავკასუს როუდ პროჯექტი“ წარმომადგენლებმა უცხოელ სპეციალისტებს მათ მიერ შემუშავებული საპროექტო-საინჟინრო წინადადებები გააცნეს და უცხოელ სპეციალისტთა მოსაზრებები მოისმინეს, რომლითაც აღნიშნულ მონაკვეთებზე გზის მშენებლობა უნდა განხორციელდეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“„მუნიციპალური განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გალაკტიონ ბუაძემ განუცხადა, წყნეთი სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაციის პროექტის განსახორციელებლად ფონდმა კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტთან“ ხელშეკრულება 25 აპრილს გააფორმა, რის შემდეგაც გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო და მალე ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა დაიწყება.
ბუაძის თქმით, კონტრაქტორმა კომპანიამ გზის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოები უნდა განახორციელოს.
„ტექნიკური გადაწყვეტები, თუ როგორ აპირებს ამ პროექტის განხორციელებას, ჩვენთან უნდა შეთანხმდეს. მოწვეულმა სპეციალისტებმა გზის აღნიშნული მონაკვეთები დღეს ადგილზე დაათვალიერეს. გაეცვნენ, რა რისკების შემცველი არის 1,2 კმ-ზე მეტი სიგრძის გზა. ამაზეა დამოკიდებული ტექნიკური გადაწყვეტები, რა ტიპის სამუშაოები უნდა განხორციელდეს - იქნება ეს ხიდები, ხიმინჯები, თუ სხვა ტიპის ხელოვნური ნაგებობები“, - განაცხადა ბუაძემ.
მისივე თქმით, წყნთი-ახალდაბის სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი 400მ სიგრძისაა, წყნეთი-სამადლოსი -750მ და იქვე მიმდებარედ ასევე არის 125 მეტრიანი დამეწყრილი მონაკვეთი. პროექტის მთლიანი ღირებულება 25 მლნ ლარს შეადგენს და 1,2 კმ-ზე მეტი გზის რეაბილიტაცია მომავალი წლის მაისში უნდა დასრულდეს.