„საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის“ შესახებ კანონპროექტი პარლამენტშია ინიცირებული.
პროექტით, საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო ქვეყანაში რეგისტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა სავალდებულო ხდება. კანონპროექტის ავტორი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ინიციატორი კი საქართველოს მთავრობაა.
პროექტის მიხედვით, სადაზღვევო შესატანის ოდენობა ანუ სადაზღვევო პრემია, ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიებისა და სადაზღვევო პერიოდის მიხედვით არის განსაზღვრული.
როგორც კანონპროექტშია ნათქვამი, სადაზღვევო პრემია - მოტოციკლზე რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 კუბურ სანტიმეტრზე მეტია - 15 დღეზე - 20 ლარი, 30 დღეზე - 35, 90 დღისთვის - 70 ლარი, 1 წლის პერიოდში კი 215 ლარი იქნება.
მსუბუქ ავტომობილზე, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს არ აღემატება და მძღოლის ადგილის გარდა დასასხდომი ადგილების რაოდენობა 8-ს არ აღემატება - 15 დღიანი სადაზღვევო პერიოდის შემთხვევაში - 30 ლარი, 30 დღეზე - 50 ლარი, 90 დღის განმავლობაში - 90 ლარი, 1 წლის პერიოდზე კი - 295 ლარი იქნება შესატანი.
სადაზღვევო შესატანის ოდენობა ავტობუსის შემთხვევაში, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება - 15 დღის პერიოდში - 45, 30 დღიანი სადაზღვევო პერიოდის ჭრილში - 75 ლარი, 90 დღეზე - 140, 1 წელზე კი - 480 ლარი იქნება.
სატვირთო ავტოსატრანსორტო საშუალებაზე, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება, პროექტის მიხედვით, სადაზღვევო პრემიად - 15 დღიან სადაზღვევო პერიოდში - 60 ლარი, 30 დღეზე - 100, 90 დღის პერიოდში - 170, ხოლო 1 წლის პერიოდში - 610 ლარია განსაზღვრული.
მისაბმელზე - 15 დღიან სადაზღვევო პერიოდში - 14 ლარი, 30 დღეზე - 25 ლარი, 90 დღის შემთხვევაში - 40 ლარი, 1 წელზე კი - 145 ლარი; ხოლო სასოფლო-სამეურნეო და სპეციალიზებულ თვითმავალ მანქანაზე 15 დღიან სადაზღვევო პერიოდში - 25 ლარი; 30 დღეზე - 45; 90 დღის პერიოდში - 70 ლარი; 1 წლიან სადაზღვევო პერიოდში კი სადაზღვევო პრემია 250 ლარი იქნება.