ინტერნეტ საძიებო გიგანტმა Google-მა საბანკო ტრანზაქციების ჩანაწერების გამოყენება დაიწყო იმის დამტკიცების მიზნით, რომ ინტერნეტში ნანახი რეკლამა რეალურად უბიძგებს მომხმარებლებს ყიდვისკენ.
კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, საუბარია არა მხოლოდ ონლაინ შეძენაზე, არამედ მაღაზიაში განხორციელებულ ყიდვებზე.
„ეს ნაბიჯი საშუალებას მოგვცემს ზუსტად გამოვთვალოთ გაყიდვების მოცულობა, რომელიც ინტერნეტში განხორციელებული რეკლამის შედეგია. ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ინტერნეტში ნანახი რეკლამა მომხმარებელს პროდუქტის ყიდვისგენ უბიძგებს“, - აღნიშნავენ ამერიკულ კორპორაციაში.
ტექნოლოგიური გიგანტის განცხადებით, კომპანიას უკვე აქვს წვდომა აშშ-ის მოქალაქეების დაახლოებით 70%-ის საკრედიტო და სადებეტო ბარათები განხორციელებულ ტრანზაქციებზე პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.
როგორც „გუგლის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჯერი დიშლერმა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბრისას განაცხადა, კომპანია მომხმარებელთა ინფორმაციის დაცვის მიზნით სპეციალურ მათემატიკურ ფორმულებს გამოიყენებს, რომლებიც მომხმარებელთა რეალურ ვინაობას მალავს. ფორმულის მეშვეობით, მომხმარებელთა სახელები და სხვა პერსონალური ინფორმაციები ციფრებად გარდაიქმნება.
„ფორმულის საშუალებით შეუძლებელია მომხმარებლის რეალური ვინაობის დადგენა როგორც რითეილერებისთვის, ასევე „გუგლისთვის“, - აცხადებენ ტექნოლოგიურ გიგანტში.